LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტურიზმის მდგომარეობა დღეს საიმედო არაა“ – ია გედევანიშვილი გადაცემაში „ბონ ვოიაჟი“

298
thumbnail

15 ივნისს საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა. სპეციალური რეკომენდაციების დაცვით ამ მიმართულებით საქმიანობის განახლება შესაძლებელი გახდა, თუმცა, ჯერჯერობით დამაიმედებელი შედეგები არ ჩანს. რა მდგომარეობაშია ტურიზმის სექტორი და რა გამოწვევების წინაშე დგას ეს მიმართულება, ამ თემაზე გადაცემა ,,ბონ ვოიაჟის” ეთერში ,,ჩექ ინ თრეველის” დამფუძნებელმა ია გედევანიშვილმა ისაუბრა.

რა მდგომარეობაა ტურიზმის გახსნიდან ერთი კვირის თავზე ამ მიმართულებით. რა შედეგები და გამოწვევებია ტურიზმის სექტორის წინაშე?

დღევანდელი მოცემულობით ტურიზმის სექტორი საიმედო მდგომარეობაში არაა, არც განსაკუთრებული ცვლილებებია. ძირითადად გაიხსნა დიდი სასტუმროები, უმეტესად კახეთსა და ბათუმში და ძალიან მცირე რაოდენობით პატარა სასტუმროები, რომლებიც უფრო ხელმისაწვდომია ჩვენი მოსახლეობისთვის. ასევე ჯერ არ არის გახსნილი კულტურული და ისტორიული ლოკაციების უმეტესობა.

რა კეთდება სახელმწიფოს მხრიდან ტურიზმის სექტორისა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებიც ფაქტობრივად ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩნენ?

სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული მხარდაჭერა რა თქმა უნდა არის და იგეგმება, თუმცა ძალიან რთულია ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების სრული მხარდაჭერა და შეუძლებელიც კი ჩვენი ეკონომიური მდგომარეობის ქვეყნისთვის, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით მილიონ სამასი ათასია. ევროპის ბევრი ქვეყანა ართმევს თავს ამ მდგომარეობას და უნარჩუნებს დარგში დასაქმებულ ადამიანებს ხელფასს, თუმცა საქართველოში ამისი გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია.

რაში ხედავთ გამოსავალს, რა დაეხმარება ამ სექტორს წინსვლაში და არის თუ არა ერთ-ერთი ფაქტორი ფასების რეგულირება?

ფასების რეგულირება ნამდვილად მოხდა და ეს საკითხი ნაკლებ პრობლემურია, სამაგიეროდ დიდ პრობლემას წარმოადგენს სასტუმროებისა და ტურისტული სააგენტოების ურთიერთობა, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობს. სასტუმროების მფლობელებს არ ესმით, რომ ტურისტული სააგენტოების გარეშე ისინი წინ ვერ წავლენ. დღეს სამწუხაროდ ტურისტულ სააგენტოებს საქმე არა აქვთ და ჰაერში არიან დარჩენილი. არ არის დარეგულირებული ის პრობლემური საკითხი, რაც სასტუმროებსა და ტურისტულ სააგენტოებს შორის თანამშრომლობას დაარეგულირებს, როგორც ხდება ამ მხრივ წარმატებულ ქვეყნებში და სწორედ ეს მისცემდა საშუალებას ტურისტულ სააგენტოებში დასაქმებულ ადამიანებს მცირე შემოსავალი მაინც ჰქონოდათ. ასეთ დროს ერთმანეთის გვერდით დგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

რთულია პანდემიის ფონზე წინასწარი პროგნოზების გაკეთება, თუმცა დაგეგმილია, რომ 1 ივლისს გაიხსნება ე.წ. მწვანე დერეფანი რამდენიმე ქვეყანასთან, რაც გულისხმობს გარე ტურიზმის ამოძრავებას. რას ფიქრობთ რამდენად შეცვლის ეს ფაქტი არსებულ სიტუაციას?

ჩემი აზრით, პანდემიას საქართველო ჩვენი ექიმების ძალისხმევით კარგად უმკლავდება და აქედან გამომდინარე ერთის მხრივ, არ ვარ მომხრე გარე ტურიზმის გახსნის, თუმცა მეორეს მხრივ, არ მსურს ქვეყანაში მილიონ სამასი ათასი უშემოსავლოდ დარჩენილი ადამიანი იყოს. ამიტომ ალბათ აუცილებელია ამ მხრივ წინ სვლა, რადგან მუდმივად ამ რეჟიმში ვერ ვიქნებით, თუმცა მეშინია ამან პანდემიური მდგომარეობა არ დაამძიმოს და ისევ ჩაკეტვა არ მოგვიხდეს, როგორც ეს რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე მოხდა. რთულია პროგნოზის გაკეთება, რადგან ყოველდღიურად იცვლება ამ მხრივ მდგომარეობაც და გეგმებიც. ვგეგმავდით აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან და ყაზახეთიდან ტურისტების ჩამოყვანას, მაგრამ ეს ქვეყნები ამ ეტაპზე კვლავ დაიკეტა. ასე რომ, ჯერჯერობით ზუსტ ნაბიჯებზე საუბარი ძალიან ძნელია.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმის სექტორის განვითარება და კვლავ გააქტიურება პანდემიის პრობლემის მოგვარებას უკავშირდება და სანამ მსოფლიო ამ პრობლემას არ გაუმკლავდება რთული იქნება მასშტაბურ ცვლილებებსა და წინსვლაზე საუბარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g