LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის საგარეო უწყება – ვგმობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მორიგ არამეგობრულ განცხადებებს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ მის დამახინჯებულ შეფასებებს

178
ukrainis-sagareo-sakmeta-saministro_w_h

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც უკრაინის საგარეო საქმეთა უწყება გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის „მორიგ არამეგობრულ განცხადებებს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ მის დამახინჯებულ შეფასებებს“.

„უკრაინისთვის, საქართველოს მთავრობის მეთაურის ჩვენს სახელმწიფოსთან, ღირსების რევოლუციასთან, გმირობასთან და უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან დაკავშირებით განცხადებები მიუღებელი და აღმაშფოთებელია.

არა უკრაინა, რომელიც თავს იცავს, არამედ მხოლოდ რუსეთია, რომელიც მოღალატურად თავს დაესხა ჩვენს მიწას, პასუხისმგებელი ათასობით დაკარგულ სიცოცხლეზე, უკრაინული ქალაქებისა და სოფლების განადგურებაზე. სამაგალითოა, რომ სიტყვა “რუსეთი” საქართველოს ოფიციალური პირის განცხადებაში ერთხელაც არ იყო ნახსენები.

სამწუხაროა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და მუდმივი დეგრადაციის ყურება, რომლის რუსეთის ხელისუფლების განცხადებებისგან გარჩევა ბოლო დროს რთული გახდა.

რუსეთის ფედერაცია უნდა დაისაჯოს უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის.

ქართველ პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მსგავსი განცხადებებისგან, რომლებიც რუსულ ნარატივებს იმეორებენ და უკრაინას საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში იყენებენ.

უკრაინა გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქართველი ხალხის მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის, საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისთვის და მსოფლიოს სხვა თავისუფალ ქვეყნებთან კავშირების გაძლიერებისთვის მისწრაფებების მხარდაჭერას”, – წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g