,,ფორტუნა” წარმოგიდგენთ გადაცემების “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” და “FM ქოუჩი” წამყვანის მარტა ქარუმიძის ბლოგს ურთიერთობებზე.
წლების წინ, როცა ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, ერთი ბიჭი მომწონდა… იცით, როგორი იყო, ბევრ რამეს რომ ისწავლიდი მისგან. თუ რამე არ იცოდი, ვერ დაინახავდი ვერც ირონიას, ვერც ჩაცინებას, უბრალოდ გიყვებოდა ამის შესახებ.
წლების წინ, როცა ჯერ კიდევ ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი ცხოვრებას, ამ ადამიანისგან ბევრი რამ ვისწავლე. მეტიც, ვცდილობდი სულ უფრო მეტი მცოდნოდა, ერთგვარი შეჯიბრი მქონდა საკუთარ თავთან. არ არსებობდა კამათი, სადაც შეურაცხყოფილად იგრძნობდი თავს, არ არსებობდა სიტუაცია, სადაც ერთი წამით იფიქრებდი, რომ მისთვის ვინმე შენზე უკეთესი ან მნიშვნელოვანი შეიძლება ყოფილიყო, ვხედავდი, რა იყო ღირსება, როგორ უნდა გაუფრთხილდეს კაცი ქალს, რომელიც უყვარს და როგორ შეიძლება ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი შეინარჩუნოს სახე.
ბევრი წელი გავიდა, “საუკუნეო” რომ იტყვიან იმდენი. არც კი ვიცი სად არის და ამას ახლა არც აქვს მნიშვნელობა. მაგრამ ყოველთვის, როცა ვუყურებ არასრულფასოვნების კომპლექსებით გაჯერებულ კაცებს, საყვარელ ქალებს რომ ამცირებენ, არ აფასებენ, სახეს კარგავენ და თან ეს უაზრო ამბიციები “კლავთ”, ჩემი შორეული ცხოვრებიდან ეს ეპიზოდი მახსენდება.
ყველა ქალმა უნდა დაინახოს განსხვავება ჯანსაღ და ტოქსიკურ ურთიერთობებს შორის. დიახ, ურთიერთობა უნდა გზრდიდეს, ურთიერთობა უნდა ახდენდეს შენს ტრანსფორმაციას უკეთესობისკენ. ურთიერთობაში უნდა გრძნობდე, რომ ქალი ხარ, ქალი, რომელიც უყვართ.
“ზოგჯერ მშობელი შეიძლება თავად იყოს აღსაზრდელი”