ვენამ სტუმრად შოტლანდიური სოფელი მიიწვია, რათა მსოფლიოს ტურისტებს აჩვენოს, რომ იანვარში ავსტრიის დედაქალაქი სულაც არ არის მოსაწყენი. ამის შესახებ euro news წერს.
როგორც წესი, ავსტრიის დედაქალაქს ტურისტების უმეტესობა ზაფხულში ან დეკემბერში – შობის წინ სტუმრობს. იანვარი კი ის თვეა, როცა ქალაქში მოგზაურთა რაოდენობა საგრძნობლად იკლებს.
რატომ შეარჩიეს სწორედ შოტლანდიური სოფელი? მიზეზი სიტყვათა თამაშია: სოფელს ჰქვია Dull, რაც ინგლისურად „მოსაწყენს“ ნიშნავს. გარდა ამისა, ბრიტანელი ტურისტები ავსტრიული ტურისტული ბაზრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუმცა ამ ინიციატივით ვენას სურს დაუმტკიცოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მოგზაურებს, რომ იანვარში ვენაში ჩასვლა ნამდვილად ღირს.
ქალაქის ტურიზმის სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაშინ, როცა ევროპელთა უმეტესობა ამ პერიოდში დროს სპორტდარბაზებში ატარებს, ვენა წელს სადღესასწაულო განწყობით იწყებს: ქალაქში იანვარში ტარდება 400-ზე მეტი კონცერტი, მუშაობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საციგურაო მოედანი, ხოლო რესტორნები ავსტრიული სამზარეულოს კერძებს სთავაზობენ სტუმრებს – კულინარიულ ტრადიციას, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
ტურისტული ბიუროს წარმომადგენლები თავად გაემგზავრნენ დალიში, რომელიც პერტშირის საგრაფოში მდებარეობს, რათა დაახლოებით სოფლის 100-მდე მცხოვრებისთვის პირადად გადაეცათ ცვილით დალუქული მოსაწვევები – იანვარში შაბათ-კვირის ვენაში გასატარებლად.
დალის მცხოვრებლებმა მოწვევა დიდი სიხარულით მიიღეს – იანვრის ბოლოს ავსტრიის დედაქალაქს 37 შოტლანდიელი ეწვევა, რომელთა ასაკი 9-დან 84 წლამდე მერყეობს.
მათი ვიზიტის შემდეგ დიდ ბრიტანეთში დაიწყება ონლაინ კამპანია ლოზუნგით: „ვენა მოსაწყენია თუ არა?“ კამპანიის ფარგლებში შესაძლებელი იქნება დალიდან ჩამოსული სტუმრების შთაბეჭდილებების ნახვაც.