„რუსთავის 2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“ მაყურებელს 21 წლის ქეთევან ქარუმიძის ისტორიას აცნობს. ქეთევანს, რომელსაც მრავალი წლის წინ უიშვიათესი დაავადება, რესტრიქციული კარდიომიოპათია აღმოაჩნდა, 13 წლის ასაკში, 27 წლის მამაკაცის გული გადაუნერგეს.
ქეთევან ქარუმიძე გადაცემის აუდიტორიას საკუთარ დიაგნოზზე, განვლილ გზასა და მის დღევანდელ ცხოვრებაზე უყვება:
„ჩემი გადარჩენა ძალიან დიდი სასწაულია, შინაგანად ყოველთვის მჯეროდა, რომ გადავრჩებოდი, არაფერზე არ ვნერვიულობდი, არც კი მიფიქრია, რომ შეიძლება რამე დამმართოდა.
არც ერთი ექიმი არ ფიქრობდა, რომ გადავრჩებოდი. ჩემი აზრით, ჩემი გადარჩენა უფლის ძალიან დიდი ნებაა, ოპერაციის შემდეგ მეორედ დავიბადე, თავიდან ვისწავლე სიარული…
მგონია, რომ ეს ყველაფერი ოჯახის წევრების გვერდში დგომით შევძელი.
მათ, ვისაც ძალიან უჭირთ და ისეთი დაავადება აქვთ, რომელთან გამკლავების საშუალება არ აქვთ და არ აქვთ ცხოვრების ჩვეულებრივ გაგრძელების მოტივაცია, ვეტყვი, რომ არ დანებდნენ – თუ საკუთარ თავში რწმენას იპოვიან, ჩვეულებრივ გააგრძელებენ ცხოვრებას.
ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც მე და ჩემი და ქართულ ცეკვებზე შეგვიყვანეს, ჩემი და ძალიან იღლებოდა, როდესაც გამოიკვლიეს მას უიშვიათესი დაავადება – რესტრიქციული კარდიომიოპათია აღმოაჩნდა. გამოიკვლიეს და მეც ზუსტად ეს დიაგნოზი დამიშვეს.
ოპერაციის შემდეგ ჩემი გულიც წაიღეს გამოსაკვლევად, მაგრამ ვერ დაადგინეს, საიდან წამოვიდა ეს დაავადება, თან ეს ერთ ოჯახში ორ დას რომ ჰქონდეს, ძალიან დიდი იშვიათობაა.
ჩემი დონორი იყო 27 წლის მამაკაცი, რომელიც ინსულტით გარდაიცვალა. ოპერაციის შემდეგაც კი, რეაბილიტაცია ძალიან რთული იყო…
სიცოცხლე სხვა თვალით დავინახე, სხვა ფერებში ვუყურებ, ძალიან ვაფასებ ჩემს ცხოვრებას და ყოველი წუთი და წამი მნიშვნელოვანია. დღეს ჩვეულებრივ ვცხოვრობ, არანაირი შეზღუდვა არ მაქვს“, – ჰყვება ქეთევან ქარუმიძე.
მეორედ დაბადება და ცხოვრება ახალი გულით – 21 წლის გოგოს დაუჯერებელი ისტორია❤️🩺 მეორედ დაბადება და ცხოვრება ახალი გულით – 21 წლის გოგოს დაუჯერებელი ისტორია, რომელმაც უიშვიათეს დაავადებასთან ბრძოლაში გაიმარჯვა, დღეს კი სრულიად ჯანმრთელია და აქტიურად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ცხოვრობს 📝 #ელენე_მირიანაშვილი
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ხუთშაბათი, 23 იანვარი, 2025