ლიკა კუჭუხიძე, ვისი მეუღლეც, ბაჩო ლასარეიშვილი აბაშაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა, ნოე სულაბერიძის გადაცემის სტუმარია.
ლიკა გადაცემის ეთერში, მისი და მისი გარდაცვლილი მეუღლის გაცნობის ისტორიას გვიყვება.
„ბაჩო ცეკვაზე გავიცანი, მე 15 წლის ვიყავი ის 16…ზედმეტად მოუსვენარი იყო და ამიტომ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი. შემდეგ ერთად წყვილში გვიწევდა ცეკვა და შესაბამისად საერთო ენა უნდა მოგვენახა. შემდეგ ეს ყველაფერი მოწონებაში გადადიოდა. გადიოდა დღეები, თვეები და ჩვენთვის ეს გრძნობა მოწონებაზე მეტი იყო. მახსოვს 9 ივლისი იყო, ბათუმიდან მოვდიოდით და გადავწყვიტეთ ამ გრძნობისთვის სახელი დაგვერქმია. ასე გავხდით შეყვარებულები.
მამაჩემს 4 წლის მანძილზე ვუმალავდი, თუმცა დედაჩემმა და ჩემმა ძმამ იცოდნენ. მეუბნებოდა, როგორც კი 18 წლის გახდები მაშინვე ცოლად უნდა მოგიყვანოო და შეასრულა თავის სიტყვა…გავიპარეთ, თბილისში წავედით. ჩემებს იმ დღესვე ვუთხარი, რადგან ძალიან ინერვიულებდნენ.
როდესაც გაიგო მამაჩემმა როგორი პიროვნება იყო ბაჩო და როგორი ოჯახიდან, შემდეგ დამშვიდდა. დამირეკა და მითხრა: სად გეჩქარებოდა შვილოო. შემდეგ მითხრა, რომ მისთვის მთავარი ჩემი ბედნიერება იყო. გაპარვამდე ხელი მოვაწერეთ. ბაჩო რატომღაც ძალიან ჩქარობდა. თითქოს რაღაცას გრძნობდა, უნდოდა ყველაფერი მოესწრო და ყველაფერი ჩაეტია“, – ამბობს ლიკა კუჭუხიძე.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედია-აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მოხდა. ავტომობილში ლიკა კუჭუხიძესთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე, 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა.
