LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიფიქრე, ერთი ასეთი სიმღერა ჩემიც ხომ შეიძლება მქონდეს-მეთქი… ეს ისეთი ჟანრია, მივხვდი, რომ ადვილად არავინ დამიწერდა…“ – ანი ბახტაძე სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში“

144
ანი-ბახტაძე

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ანი ბახტაძე სტუმრობდა. მომღერალმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, ახალი მუსიკალური ალბომი დააანონსა და მსმენელს სიმღერა „სიყვარულის ფიალა“ წარუდგინა.

ანი, როგორ დაიწყო 2026 წელი შენთვის?

წელი ახალი სიმღერით დაიწყო, უკვე მეორე სიმღერაზე ვმუშაობ.

როგორია სამომავლო გეგმები?

ვჩქარობ სიმღერების, ასე ვთქვათ, მოგროვებას, რომ კრებულის სახე მივცე. ამ ალბომში შეტანილი იქნება 8 სიმღერა, 7 სიმღერა უკვე მზად არის, 1 გვაკლია. ამ ერთ სიმღერას ველოდები და ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ეს ერთი სიმღერა რუსა მორჩილაძის იქნება. რვავე სიმღერა ჩემთვის დაწერილი, პირადად ჩემთვის შექმნილი უნდა იყოს, აქ არ იქნება არცერთი ქავერი, არც ერთი ძველი სიმღერა.

ერთ-ერთი სიმღერა, რომლითაც მსმენელმა გაგიცნო არის „seviyorum”, დღეს რამდენად ითხოვენ ამ ნამუშევარს და კიდევ ხომ არ გეგმავ რაიმე განსხვავებული, უცხოური სიმღერის ჩაწერას?

კი, მაქვს საკუთარი თურქული სიმღერა და ვგეგმავ კიდევ ერთ თურქულ სიმღერას. რაც შეეხება „seviyorum“-ს, რაც არ უნდა ახალი სიმღერა გავაკეთო, იქნება კონცერტი, რესტორანი თუ სხვა ნებისმიერი ადგილი, ბოლოს, ყველას მაინც „seviyorum“ უნდა. სხვათა შორის, თურქებსაც ძალიან მოსწონთ ხოლმე ეს ჩემი ნამღერიც და აქცენტიც, მაგრამ აქ რაღაც ცოტა ცუდ კომენტარებს მიწერენ ქართველები.

ვისაუბროთ სიმღერაზე „სიყვარულის ფიალა“, რომელიც არის საქეიფო სტილში, შენს მიერ დაწერილი.

კი. მთელი ჩემი ცხოვრებაა ვმუშაობ, რაც მახსოვს, სულ ვარ სცენაზე და არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც ნასვამი ხარ, კარგ ხასიათზე, ხელები რომ გინდა გაშალო და სულ ისე ხდება, რომ სხვისი ასეთი სტილის სიმღერების შესრულება მიწევს. მერე, ვიფიქრე, ერთი ასეთი სიმღერა ჩემიც ხომ შეიძლება მქონდეს-მეთქი. ეს ისეთი ჟანრია, მივხვდი, რომ ადვილად არავინ დამიწერდა, ამიტომ მე თვითონ გადავწყვიტე. დიდი მადლობა ზაზა ხუბუკელაშვილს სიმღერის არანჟირებისთვის.

საერთო ჯამში რამდენი საავტორო სიმღერა გაქვს?

მაქვს სამი საავტორო სიმღერა და პირველი „მე ისევ გიცდი“ განსაკუთრებით მიყვარს. სიმღერის ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.

ანი ბახტაძე – სიყვარულის ფიალა

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ანი ბახტაძე – მუხამბაზი. Live

ანი ბახტაძე. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები