შვედურმა ავტომწარმოებელმა Volvo-მ მეოთხე კვარტალის ფინანსური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ისტორიაში ყველაზე დიდი ერთდღიანი საფონდო ვარდნა განიცადა. კომპანიის აქციები 22%-ზე მეტად გაუფასურდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, Volvo Cars-ის საოპერაციო მოგება მეოთხე კვარტალში 68%-ით შემცირდა და 1,8 მილიარდ შვედურ კრონას გაუტოლდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 5,6 მილიარდ კრონას (626,1 მილიონ დოლარს) შეადგენდა.
კომპანიის განმარტებით, მოგების მკვეთრი შემცირება ფასების კორექტირებამ და გაყიდვების სტიმულირებისთვის შეთავაზებულმა ფასდაკლებებმა გამოიწვია, რაც სუსტი მოთხოვნის საპასუხოდ განხორციელდა. დამატებით ზეწოლას ახდენდა აშშ-ის იმპორტის ტარიფები, დოლარის კურსის სისუსტე და შემცირებული მოთხოვნა როგორც აშშ-ში, ისე ჩინეთში.
კვარტალში გაყიდვები 16%-ით დაეცა, რაც ბაზრის მოლოდინებზე დაბალი შედეგია. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კომპანიამ უფრო აგრესიული ფასდაკლებები გამოიყენა, ვიდრე ინვესტორები ელოდნენ.
Volvo Cars-ის მთლიანი მარჟა – მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელიც ტარიფების გავლენას ასახავს, 15,8%-მდე შემცირდა. შედარებისთვის, მესამე კვარტალში ეს მაჩვენებელი 20,4% იყო, ხოლო ერთი წლის წინ – 17,1%.
კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ფასების პოლიტიკა უახლოეს პერიოდშიც გადამწყვეტ ფაქტორად დარჩება. მისი თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში ჯგუფი ყურადღებას გაამახვილებს ეფექტიანობის ზრდასა და ხარჯების შემცირებაზე.
მიუხედავად სირთულეებისა, Volvo პროგნოზირებს, რომ 2026 წელს გაყიდვების მოცულობა გაიზრდება, თუმცა „მუდმივად რთულ საგარეო გარემოს“ ელოდება. გასულ წელს კომპანიამ 3000 სამუშაო ადგილი შეამცირა, გადახედა პროგნოზებს და ინვესტიციები შეანელა.