კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
აღნიშნული განცხადებით ვიცე-პრემიერი, წულუკიანი იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, უწყებამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად შესაბამის უწყებებს მიმართა – გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი.
თეა წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე, მისი სასჯელი რამდენიმე წლიანია და ის პატიმრობაში უნდა დარჩეს.
„სასამართლო სხდომებიც იქნება. ნებისმიერ დეპუტატს აქვს შესვლის უფლება, სახალხო დამცველს აქვს შესვლის უფლება და თუკი ნებისმიერი სხვა მექანიზმი გამოიძებნება, რომ ამ ადამიანთან იყოს ვიზუალური კონტაქტი მეტი, რა თქმა უნდა, ის თითიდან გამოწოვილი ეჭვებიც განეიტრალდება და ჩვენ ყველა დავინახავთ, რომ არავითარი ჯანმრთელობის გაუარესების რეალური რისკი მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში არ არსებობს.
მით უმეტეს, არ არსებობს, ღმერთმა დაგვიფაროს მისი გარდაცვალების რისკი. რისკი არ არსებობს, იმიტომ რომ სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე. მეორე მხარეს სახეზეა დანაშაული, სახეზეა დამნაშავე, რომელმაც უნდა მოიხადოს სასჯელი. ეს სასჯელი არის რამდენიმე წლიანი და რა თქმა უნდა, ის წლები, რასაც ის გაატარებს ქართულ საპატიმროში, მისი ჯანმრთელობა იქნება ზედმიწევნით დაცული.
ერთ საიდუმლოსაც გეტყვით, რომ როდესაც პატიმარი შიმშილობს, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რაც მეტია შიმშილობის გარშემო აურზაური, მით უფრო, ფერხდება პატიმრის მიერ გადაწყვეტილების მიღება, რომ განაახლოს კვება.
ეს ყოველი პატიმრის შემთხვევაში ასეა. ამიტომ მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდისთვის სჭირდება ვიღაცას, რომ ტელევიზიით მუდმივად შიმშილობაზე ისაუბროს,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მესამე დღეა მის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შესვლას ითხოვს.
მდგომარეობა თანდათან უარესდება და მომდევნო დღეებში კიდევ გაუარესდება – ადვოკატი
