მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში Xiaomi გეგმავს ჰუმანოიდი რობოტების საკუთარ ქარხნებში ფართოდ დანერგვას. ეს შეეხება როგორც გაჯეტების, ისე ელექტრომობილების წარმოებას. კონცერნის ხელმძღვანელმა ლეი ძიუნმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში სერიოზულ გავლენას მოახდენს ინდუსტრიაზე.
როგორც მაგალითი, ტოპ-მენეჯერმა მოიყვანა Xiaomi-ს ყველაზე ახალი სფერო – ელექტრომობილები. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი რენტგენული აპარატი ძარის თითოეული პანელის დამზადების ხარისხს მხოლოდ 2 წამში ამოწმებს. ეს ბევრად უფრო სწრაფი და ბევრად უფრო ზუსტია, ვიდრე ადამიანის მიერ შესრულებული სამუშაო.
ლეი ძიუნი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი რობოტები ხსნიან ახალ ინდუსტრიულ სფეროს, რომლის მოცულობა ათეულობით და ასეულობით მილიარდ დოლარს მიაღწევს. ისინი წარმოებას მნიშვნელოვნად გააიაფებენ ადამიანების დასაქმებასთან შედარებით. ამ პროცესით გამოწვეული შესაძლო უმუშევრობის თემაზე Xiaomi-ის ხელმძღვანელს კომენტარი არ გაუკეთებია.