LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

560
ფოტო_ Ezz Gaber - აქცია რუსთაველზე_ვახტანგ ხმალაძე

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პარლამენტში ხელმეორედ ინიციირებულ კანონპროექტს – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საზოგადოების ნაწილში კვლავ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

კანონპროექტის განხილვა, რომელიც გუშინ პროტესტისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა, საკანონმდებლო ორგანოში დღესაც გრძელდება, პარალელურად კი, რუსთაველის გამზირზე, ისევ საპროტესტო აქცია დაანონსდა.

საპროტესტო განწყობებზე საუბრისას, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რა იწვევს საზოგადოების ნაწილში პროტესტის განცდას – ბუნდოვანება, რომელიც ამ კანონპროექტის გარშემო არსებობს:

ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კანონპროექტი ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს მნიშვნელოვნად შეუშლის, რაკიღა ფიქრობს, რომ ის რუსული კანონის ანალოგია, ხოლო მეორე ნაწილი, ამ შემთხვევაში, უმრავლესობის მომხრეები ამბობენ, რომ აღნიშნული კანონპროექტით არასამთავრობო სექტორისა და მედიასაშუალებების დაფინანსების წყაროები უფრო გამჭვირვალე გახდება, რაც მათივე აზრით, მნიშვნელოვანია და ამას რუსულ კანონთან კავშირი არ აქვს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს თავად დასავლელი პარტნიორების მოსაზრებები, რომლებიც ცალსახად ამბობენ, რომ ასეთი კანონი ევროპაში არ მოქმედებს და არ შეიძლება ის საქართველომ მიიღოს, რაკიღა როგორც უკვე აღინიშნა, მისი მიღება ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის.

ასევე ნახეთ

„ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის“.

რაც შეეხება შტატებს, მათი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით უცვლელია – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ კანონპროექტი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას დარტყმას მიაყენებს და ქვეყანას ევროპული გზიდან გადაიყვანს.

რას მიზანს ემსახურება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება და რა შეიძლება პერსპექტივაში ამ კანონის მიღებით მოხდეს, აღნიშნულ საკითხებზე აზრი, კონსტიტუციონალისტ, ვახტანგ ხმალაძეს ვკითხეთ, რომელმაც კანონპროექტის არსსა და მომდევნო ეტაპზე, მისი მიღებით გამოწვეულ შესაძლო შედეგებზე ისაუბრა.

„გამჭვირვალობა“ ?! – კანონპროექტის არსი და მიზანი

კანონპროექტის მიზანზე საუბრისას ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, რომ ის, რაზედაც ახლა მმართველი გუნდი მიუთითებს [გამჭვირვალობა], დღეს მოქმედი კანონებით, ისედაც გამჭვირვალეა.

„გვეუბნებიან, რომ მიზანი არის გამჭვირვალობა და ჩამოთვლილია სუბიექტები, ვის ეხება ეს. ამ სუბიექტებში ფაქტობრივად, ყველა იურიდიული პირი წერია, მათ შორის, მედიასაშუალებები.

თუ ვინმეს წაკითხულის გაგება შეუძლია, აიღოს მაუწყებლობის კანონი და ნახოს, როგორია მედიასაშუალებების ფინანსური გამჭვირვალობის საკითხი გადაწყვეტილი. ვერ წარმომიდგენია, არის თუ არა შესაძლებელი, კიდევ უფრო დაწვრილებით უფრო მეტი რამე გახდეს გამჭვირვალე.

თავის დროზე, წლების წინ, ეს კანონპროექტი, რომელიც მედიის გამჭვირვალობის ვალდებულება დაადგინა, მე და ლაშა ტუღუშმა დავწერეთ და ეს ცვლილება კანონში მაშინ შევიდა.

რამდენადაც მახსოვს, ეს იყო იმ დროს, როდესაც ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნოდა. მაშინ, მედიის დაფინანსების პრობლემა იდგა, იქ ოფშორებიდან გაუმჭვირვალე იყო და ა.შ“, – ამბობს „ფორტუნასთან“ საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

მისივე თქმით, დღეს ყველა მედიასაშუალება ვალდებულია, არამარტო მარეგულირებელ კომისიას წარუდგინოს, არამედ თავის ვებგვერდზეც გამოაქვეყნოს ნებისმიერი შემოსავალი, დაყოფილი კატეგორიებად, რომელსაც ის იღებს.

როგორც ხმალაძემ გვითხრა, ამ კატეგორიებში შედის: რეკლამიდან მიღებული შემოსავალი, რაიმე მომსახურებით გაწეული შემოსავალი, ნებისმიერი შემოწირულება და მათ შორის, გრანტებიც.

კონსტიტუციონალისტმა აღნიშნა, რომ მედიასაშუალებები კანონით ისედაც ვალდებულნი არიან, მიუთითონ ვისგან მიიღეს შემოსავალი, რამდენი და თუ შემომწირველი ჰყავთ, ვინ გასცა შეწირულობა. ამასთან, იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარიც მითითებული უნდა იყოს.

„უნდა მივიდეს ფიზიკურ პირებამდე, რომლებიც ამ იურიდიული პირებისგან შემოსავალს იღებენ, მათ შორის თქვენი მედიასაშუალებაც ვალდებულია იგივე გააკეთოს და თუ ამას არ გააკეთებს, ამ შემთხვევაში, არის ძალიან სერიოზული ჯარიმები, მათ შორისაა, ლიცენზიის ჩამორთმევა, თუ ესა თუ ეს მედიასაშუალება ლიცენზირებულია ან ავტორიზაციის გაუქმება, თუ ავტორიზებულია“, – ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

დასმულ კითხვაზე, არის თუ არა რეალურად მედიასაშუალებების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა ღია და ამასთან, ზედამხედველობა სრულყოფილი, კონსტიტუციონალისტმა უპასუხა:

„დღეს მოქმედი კანონით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მედიასაშუალების ან მარეგულირებელი კომისიის ვებგვერდზე შევიდეს და ნებისმიერი მედიასაშუალების ხარჯები, ყველაფერი ნახოს.

ისმის კითხვა, მაშინ რა არის მიზანი იმისა, რომ მედიასაშუალებას, რომელიც შესაძლოა დაფინანსების ნაწილს, რომელიღაც ფონდებიდან იღებდეს და ასეთი რამ საკმაოდ ხშირად ხდება, სხვადასხვა ფონდები მედიასაშუალებას აფინანსებენ, მაგალითად: აპარატურის შეძენას ან რაიმე პროექტს, კვლევის ჩატარებას, თემის გაშუქებას უფინანსებენ, ამათ ვუწოდოთ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“?

ასევე ნახეთ

„გაუგებარია, რატომ არის მიუღებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება“.

ეტყობა, რომ ეს არანაირად არ პასუხობს მიზანს, მიზანი ხომ გამჭვირვალობაა, როგორც თავად ავტორები ამბობენ, ანუ გამჭვირვალობა უზრუნველყოფილია, მაშინ ეს კანონპროექტი ახალს რას აწესებს? ერთადერთ რამეს – შესაძლებლობას, რომ მედიასაშუალებას „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ეწოდოს“, – ამბობს ხმალაძე და უმატებს, რომ ეს არ შეიძლება ლეგიტიმური მიზანი იყოს, რადგან ამით საზოგადოება ვერაფერ სიკეთეს ვერ იღებს, ზიანი კი მედიასაშუალებას ადგება.

ცენზურა და „კონტროლის“ მექანიზმის გაძლიერება?!

რაც შეეხება, მედიასაშუალებებზე შესაძლო კონტროლის მექანიზმის გაძლიერებასა თუ შემოწმებას, ხმალაძის თქმით, თუ ეს ცენზურა არ არის, თუ ეს ფინანსური არ არის, შეიძლება იყოს საქმიანობის შემოწმება, რისი უფლებაც საგადასახადო სამსახურს აქვს.

„მას აქვს გეგმური შემოწმების უფლება, ხოლო თუ არაგეგმურ შემოწმებას აკეთებს, მაშინ სასამართლოს უნდა მიმართოს, წარუდგინოს დასაბუთება, რომ აქვს ინფორმაცია ამ მედიასაშუალებაში რაღაცის დარღვევის შესახებ.

ამ შემთხვევაში, საგადასახადო სამსახურს სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუძლია, მედიასაშუალება არაგეგმურად შეამოწმოს. ანუ, მედიასთან დაკავშირებით პრობლემა არ არის“, – უთხრა „ფორტუნას“ კონსტიტუციონალისტმა.

როგორ რეგულირდება არასამთავრობო სექტორის „გამჭვირვალობა“

„არასამთავრობო სექტორის ფინანსური გამჭვირვალობა ცოტა უფრო რთულად მოსაძებნია. როგორც უკვე გითხარით, კანონი მედიასაშუალებებს ავალდებულებს, თავისი ფინანსური მდგომარეობა [შემოსავლები; ხარჯები და ა.შ.] თავიანთ ვებგვერდებზე გამოაქვეყნონ და ასევე, მარეგულირებელმა კომისიამ გამოავლინოს, ამიტომ ეს მარტივი სანახავია“, – ამბობს ვახტანგ ხმალაძე და სამოქალაქო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობის შესახებ მოქმედ კანონმდებლობაზე მიუთითებს:

მისი თქმით, არსებობს კანონი, რომელიც მათ [არასამთავრობო ორგანიზაციების] საქმიანობას აწესრიგებს და ამასთანავე, კონტროლის საფუძვლებსაც ადგენს.

ხმალაძის სიტყვებით, ამ კანონის მიხედვით, არასამთავრობო სექტორის ფინანსური საქმიანობის, მდგომარეობის, შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები, [ვინ იღებს ხელფასებს, რამდენს და ა.შ.] სრული ინფორმაცია საგადასახადო სამსახურს აქვს:

„ინფორმაცია ისევ სახელმწიფოს აქვს, მაგრამ ეს კანონითვე კონფიდენციალურია, ანუ, ეს გამჭვირვალე არ არის. ახლა რაც შეეხება გამჭვირვალობის ნაწილს, არის კანონები, რომლებიც ადგენენ, რომ ყველა იურიდიულმა პირმა, რომელიც გრანტებს იღებს, უნდა წარადგინოს ინფორმაცია და კანონით, მითითებულია, რომელ სახელმწიფო ორგანოს უნდა წარედგინოს – ინფორმაცია გრანტის გამცემის შესახებ, ვინ გასცა, რამდენი, რა ვადით და რა მიზნით, ანუ, რაზე უნდა დაიხარჯოს ეს მიღებული გრანტი.

ეს სახელმწიფო ორგანო კი ამ ინფორმაციას აქვეყნებს, შესაბამისად, გრანტებით მიღებული შემოსავლები არის ღია, რისი მოძიებაც ნებისმიერ მოქალაქეს თავადაც შეუძლია, ეს პრობლემა არ არის.

ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, შედარებით მსხვილი, რომელთაც უფრო დიდი დაფინანსება აქვთ, ამ ინფორმაციას თავიანთ ვებგვერდებზეც აქვეყნებენ, ოღონდ არა პერსონალურ მონაცემებს.

ჩვენთან მოქმედი კანონით კი პერსონალური მონაცემების შესახებ, პირდაპირაა ნათქვამი, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. ამდენად, არც არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის ნაწილშია პრობლემა. მაშ, მიზანი რა არის? – მიზანი რჩება ერთადერთი: აი, ეს თიკუნი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში ქველმოქმედება თუ დაფინანსება, საქველმოქმედო ფონდების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გნებავთ მედიასაშუალებებისა საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მიზერულია და ეს გასაგებიცაა რატომ, აქ ორი მიზეზია [ერთი ეს არის მთავარი, საკმაოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და მეორე მიზეზი ასეთი ჩვეულების, ტრადიციის უქონლობა].

ამიტომ, დაფინანსების არათუ 20%, არამედ ლომის წილი, ეს არის უცხოური გრანტები. გამოდის, რომ პრაქტიკულად ყველას, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მედიასაშუალებებისა, იარლიყი ექნებათ მიკრული – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“, – გვითხრა ვახტანგ ხმალაძემ.

რატომ არის კანონპროექტი რუსულის ანალოგი

კონსტიტუციონალისტს ვკითხეთ, რატომ მიიჩნევა საზოგადოების ნაწილში აღნიშნული კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგად, რაზედაც მან რუსეთში არსებული კანონმდებლობის მაგალითები მოიყვანა და გვითხრა:

„12 წლის წინ, როდესაც რუსეთმა ასეთი წესები პირველად შემოიღო, მათ კანონში შეიტანეს ცვლილება, არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ და პირველად იქ შემოიღეს უცხოური გავლენის აგენტის ცნება, მანამდე რუსეთის სამართალში ასეთი ცნება არ იყო.

თავიდან მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხებოდათ, იქაც მხოლოდ რეგისტრაცია იყო, შემდგომ კი, 2013-2015-2018 წლებში კანონში შევიდა და შევიდა ახალ-ახალი ცვლილებები. თუ სწორად მახსოვს, პირველი ცვლილება იყო ის, რომ გარდა იურიდიული პირებისა, ეს ტერმინი – „უცხოური გავლენის აგენტი“ ფიზიკურ პირებზეც გავრცელდა.

მაგალითად, ახლა მე რომ თქვენთან ამ კანონპროექტის შეფასებას ვაკეთებ, ესეც პოლიტიკურ საქმიანობად ითვლებოდა. შემდეგ გამკაცრდა სანქციები: იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრაციაზე არ დადგებოდა, ეს სანქციები თანდათანობით იზრდებოდა.

შემდეგ პროფესიული აკრძალვები დაწესდა. ფიზიკურ პირებს, რომლებიც ასე „აგენტებად“ იქნებოდნენ ცნობილნი, აეკრძალათ სკოლაში მასწავლებლობა.

ასევე ნახეთ

„სპეცრაზმი წყლისა და გაზის ჭავლებით მზად არის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ ევროპულ მომავალს იცავენ, მოქმედებაზე გადავიდეს. დაკავებები მიმდინარეობს“

შემოიღეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც, 2022-ში კი რუსეთმა მიიღო ცალკე კანონი – „უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებელი პირების კონტროლის შესახებ“ და იმ კანონიდან, რომელშიც ეს დამატებები შეჰქონდათ, მთელი რიგი მუხლებისა გააუქმა, ანუ ცალკე კანონში, ყველაფერს ერთად მოუყარა თავი. ამჟამად, რუსეთში ეს კანონი მოქმედებს“, – გვითხრა ხმალაძემ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, აქვს თუ არა საფუძველი მოსაზრებას, ამ კანონს რუსულს ეწოდოს, მან გვიპასუხა:

„მოკლედ, სქემატურად რომ ვთქვათ: ეს კანონი გამჭვირვალობის თაობაზე, ახალს არაფერს იძლევა; რაც ამ კანონში წერია, ის ისედაც გამჭვირვალეა სხვა კანონებით. ერთადერთი, რასაც ეს კანონი ეხება, ეს არის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი, ეს ერთი ახალი და მარტო ეს იყო მიზანი ასეთი ხმაური ამტყდარიყო?

ბევრის და მათ შორის, ჩემი აზრითაც, ამას შემდგომ ბევრი სხვა ნაბიჯი მოჰყვება, შემდეგი ნაბიჯი ფიზიკურ პირებზე იქნება გავრცელებული, შემდგომ პროფესიული აკრძალვები, შემდგომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ანუ, პერსპექტივაში, ყველაფერი შეიძლება დამთავრდეს ისე, როგორც დამთავრდა რუსეთში. დაახლოებით როგორ არის იცით? – კარს რომ გამოაღებს პირი და ფეხს რომ ჩაუდგამენ, რომ ვეღარ დახუროს და მერე ეს კარი რომ მთლიანად გაიხსნება.

ანუ, ასეთი საშიშროება ჩნდება, რომ მცირედით გააღონ კარი, რომელსაც ძალიან ცუდ სივრცეში შევყავართ. სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და აღარ იქნება თავისუფალი სამოქალაქო, არასამთავრობო სექტორი, დამოუკიდებელი პირები.

როდესაც დავუბრუნდებით იმ მდგომარეობას, რომელიც ჩემი ასაკიდან გამომდინარე კარგად მახსოვს და როდესაც, ადამიანებს რაიმეს ხმამაღლა თქმის ეშინოდათ“, – აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.

არსებობს თუ არა მსგავსი კანონები ევროპასა და შტატებში

კონსტიტუციონალისტს მმართველი გუნდის არგუმენტების შეფასებაც ვთხოვეთ, რომლის თანახმადაც ისინი ამბობენ, რომ მსგავსი კანონები ევროპაშიც მოქმედებს, რაზედაც მან შემდეგნაირად გვიპასუხა:

„ევროპაზე თქმა გამიჭირდება, თუმცა უნგრეთის მაგალითზე თუა საუბარი, არ გამიკვირდება, ასეთი რამ არსებობდეს, მათივე პოლიტიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ბოლო წლებში.

რაც შეეხება შტატებს, ვიცით, რომ იქ მოქმედებს ფარა, რომლითაც გამჭვირვალობის ხარისხი განისაზღვრება, პირველ რიგში კი, ეს ყველა ქვეყანაზე არ ვრცელდება.

მეორე, დაფინანსება უნდა იყოს უცხო სახელმწიფოსგან კონტროლირებული ორგანო. ამ კანონის ლომის წილი კი ლობისტურ ორგანიზაციებს ეხება, აქვე გეტყვით, რომ საქართველოშიც არსებობს კანონი ლობისტური საქმიანობის შესახებ და თუ ფიზიკური პირი ლობისტურ საქმიანობას ეწევა, ის უნდა დარეგისტრირდეს და მან თავისი შემოსავლები, ხარჯები უნდა მიუთითოს“, – გვითხრა კონსტიტუციონალისტმა.

რატომ წავიდა „ოცნება“ ვა-ბანკზე

დასკვნით ნაწილში ვახტანგ ხმალაძეს ვკითხეთ, ყველა ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გათვალისწინებით, რომელიც დიდი ალბათობით, თავად ხელისუფლებისთვისაც ნათელი, გასაგებია, რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ მღელვარების ფონზე, ამ კანონპროექტის ხელახლა ინიციირება, რა შეიძლება ამას საფუძვლად ედოს, კონსტიტუციონალისტმა გვითხრა:

„რა შეიძლება თეორიულად იყოს? – ერთი ის, რომ რუსეთის ხელისუფლების კარნახით მოქმედებენ და ამ ვერსიას ვინც მხარს უჭერს, ისინი მიუთითებენ იმას, რომ მხოლოდ საქართველოში კი არა, პარალელურად, მაგალითად, ცენტრალური აზრიის [ყოფილი საბჭოთა კავშირის] ზოგიერთ რესპუბლიკაში, ლამის თანადროულად დაიწყო ეს პროცესი [ამ კანონის მიღება].

რა გამოდის? ცალ-ცალკე, ყველას ერთდროულად მოუვიდათ თავში აზრი ამდენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში? უცნაური დამთხვევაა.

მეორე ვერსია გახლავთ ის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ, ყოველ შემთხვევაში, ნაწილმა ხომ კარგად იცის და ეცნობა იმას, რა ხდება მსოფლიოში? მან ნახა, რომ რუსეთმა ასეთი კანონით მოსპო ოპოზიციური სექტორი და თავისუფალი მედია.

ასევე ნახეთ

„ჩვენ მივიღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, შეიძლება არავის აწყობდეს საქართველოს გარდა, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ საქართველოს ინტერესებიდან“.

ნებისმიერ ხელისუფლებას ნერვებს უშლის მედია და არასამთავრობო სექტორი, ოღონდ დემოკრატიული ხელისუფლება ამას არათუ იტანს, არამედ დებს თავის კანონებში ნორმებს, რომლებიც საშუალებას აძლევს არასამთავრობო სექტორს, აკონტროლოს ხელისუფლების მოქმედება.

საშუალებას აძლევს მედიასაშუალებებს, რომ მაგალითად ეწეოდნენ ჟურნალისტურ გამოძიებას და ადგენს უამრავი დაცვის ნორმას, გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის, მამხილებლებისთვის. რატომ აკეთებს ამას დემოკრატიული ხელისუფლება? – აკეთებს იმიტომ, რომ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ დღეს მე დემოკრატი ვარ და ცუდ რამეს არ გავაკეთებ.

მაშინ რაში მჭირდება ასეთი კანონები? დამცველი კანონები – ჟურნალისტების, არასამთავრობო სექტორის? – მჭირდება იმიტომ, რომ მე ხომ სულ არ ვიქნები ხელისუფლებაში, ხომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ხელისუფლებაში ისეთი ხალხი მოვიდეს, რომელიც მოინდომებს, მედიასაშუალებებს ხმა დაუხშოს, რომელიც მოინდომებს შეზღუდოს არასამთავრობო სექტორის გარე კონტროლი ხელისუფლების გარე საქმიანობაზე. მაშინ რას გამოიწვევს ეს?

ეს ხომ იქნება ანტიდემოკრატიული მოქმედება? ამიტომ, მოდი დღესვე მივიღოთ ის კანონები, რომლებიც ამ სექტორს, ხელისუფლების არალეგიტიმური მოქმედებისაგან დაიცავს.

ასეთი მოქმედებით კი, რაც ახლა ხდება, თუ ადამიანს ცოტათი ლოგიკური აზროვნების უნარი აქვს, მაშინ მას ბუნებრივად უჩნდება კითხვა – თუ ეს კანონი, გაცხადებული მიზნის მიღწევას, ხელს ვერანაირად ვერ უწყობს, რადგან ეს მიზანი ისედაც არსებობს, მაშინ რა საჭიროა, მით უფრო მაშინ, როცა საზოგადოებაში ასეთი მღელვარებას იწვევს.

ამიტომ არის რაღაც ნაწილის მიერ დღეს სრულიად გაცნობიერებულად პროტესტი და მეორე ნაწილი უბრალოდ უჯერებს ამ ნაწილს, რომელსაც შესაძლოა თავად არ ჰქონდეს ყველაფერი კარგად გაანალიზებული, ნანახი, გაცნობიერებული, მაგრამ უჯერებს იმ ადამიანს, ვისაც ენდობა.“ – გვითხრა ვახტანგ ხმალაძემ.

magti 5g