აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი, 15 წლის შემდეგ, პირველად, აღდგომის დღესასწაულს საქართველოში შეხვდა.
როგორც თავად აღნიშნავს, ჩამოსვლისთანვე რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ტაძართან მივიდა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტები იყვნენ შეკრებილი.
ცისნამი საყვარლიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მოგესალმებით სრულიად საქართველოს,
15 წელია ემიგრაციაში ვარ და 15 წელი არ ვიყავი აღდგომის დღეს სამშობლოში ნამყოფი. გუშინ ამდენი წლის მერე, თქვენთან ერთად ქაშვეთთან დავესწარი აღდგომას. ასეთი ბედნიერი და გახარებული დიდი ხანია არ ვყოფილვარ. მადლობა იმ ენერგიისთვის და სიყვარულისთვის რაც თქვენგან მოდიოდა. უმაგრესი თაობა ხართ. ვამაყობ თქვენით. ჩემი შვილიც თქვენიანია. 16 წლის არის, #GenZ. სამწუხაროდ ჩემთან ერთად ვერ ჩამოვიდა, რადგან სწავლას ვერ მიატოვებდა.
მე ჩამოვედი თქვენთან შესახვედრად. ვეღარ გავძელი ამ ყველაფრის მხოლოდ ეკრანიდან ყურება. მინდოდა თქვენთან ერთად ვყოფილიყავი და ერთად გვეზეიმა #აღდგომა, საქართველოს გამარჯვება.
14 საათი ჰაერში ვიყავი და გული სიხარულით მიცემდა.
ნიუ-იორკიდან პირდაპირ რუსთაველის გამზირზე მოვედი. ზოგისთვის დედათქვენის ასაკის ვარ, ზოგის მეგობარი ვარ. მიმიღეთ და თქვენიანად მიგულეთ. წლებია სამშობლოს ჰაერის ჩასუნთვას ვნატრობდი.
მიყვარხართ, მიხარიხართ, მაბედნიერებთ.
დამიტოვეთ, ისე დამიტოვეთ, რომ ამერიკაში აღარ გამიშვათ. სულ აქ, თქვენს გვერდით მინდა ყოფნა. ეგ იქნება საუკუნის დატოვება.
ასევე, თელავში გამართულ აქციაზე, თბილისიდან თუ ვინმე უერთდებით, გამიყოლეთ, მადლიერი დაგრჩებით.
სიყვარულით,
ცისნამი“
