რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ნუგზარ ერგემლიძე სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს პოპური „შესანიშნავი შვიდეული“ წარუდგინა. გადაცემის სტუმარმა დაგეგმილ საიუბილეო საღამოზეც ისაუბრა, რომელიც 17 მაისს „ფილარმონიაში“ გაიმართება.
ბატონო ნუგზარ, ვისაუბროთ თქვენს შემოქმედებით საღამოზე „მშვიდობა თქვენდა“, რომელიც 17 მაისს გაიმართება, როგორი იქნება საღამოს რეპერტუარი, ვინ იქნებიან საღამოზე თქვენთან ერთად და როგორ შეარჩიეთ ღონისძიების სახელწოდება?
ეს ჩემი საკმაოდ ძველი სიმღერის სახელწოდებაა.
საღამოზე ჩემთან ერთად იქნება ის ხალხი, ვინც ჩემთან ახლოსაა, ვინც ჩემს სიმღერებს მღეროდა. იქნება გოგა მესხიც, რომელსაც ვთხოვე, რომ „ბაკურიანი“ ემღერა.
ზურა კობეშავიძე მღერის ჩემს რამდენიმე სიმღერას, ასევე შესრულდება სიმღერა „ლიანები“, არის კიდევ ერთი ახალი სიმღერა „ჩემი ნახატი“, სცენაზე კობა ბეჟიტაშვილიც შემოვა სიმღერით „თუკი გესიზმრები“, ასევე გამოვა „თეატრალურის კვარტეტიც“. 27-28 სიმღერა იქნება. საფინალოდ ორი სიმღერა გვქონდა „მშვიდობა თქვენდა“ და „ჯორჯია“ და გავაერთიანეთ.
გადავწყვიტე, ახალი ვერსიები არ გამეკეთებინა, არანჟირებები არ შევცვალე.
რამდენი საავტორო სიმღერა გაქვთ?
150-ზე მეტი საავტორო სიმღერა მაქვს, ერთი 20 სიმღერა არსად მაქვს ჩაწერილი, დაკარგულია.
ვისაუბროთ ნამუშევარზე „შესანიშნავი შვიდეული“, რა სიმღერებს მოიცავს აღნიშნული პოპური?
ნუგზარ კვაშალმა თქვა, მოდი, აკუსტიკური კონცერტი გავაკეთოთო, როგორც ეს არაერთმა შემსრულებელმა გააკეთა, მათ შორის ჯგუფმა „Eagles“, რომელმაც სიმღერით „Hotel California“ მოგვაწონა თავი, რომელიც შემდეგ, აკუსტიკური ვერსიით გაიმეორეს. მაშინ, ეს ახალი გადაწყვეტა იყო და მოგვეწონა. წლების შემდეგ, რაღაცნაირად გავიხსენეთ ეს და კაკო ვაშალომიძესთან, ზურა კობეშავიძესთან ერთად სიმღერის 3-4 ვარიანტი მქონდა. ერთხელ, ბასგიტარაც დავიმატეთ. ეს იდეა ნელ-ნელა მწიფდებოდა, ბოლოს, ნუგზარმა გადაჭრით ისაუბრა სანოსთან და იქ ვრეპეტიციობთ ახლა. სანო ძალიან გვიწყობს ხელს, ნახევარ ფონოგრამას თვითონ უკრავს დრამზე, მეორე ნახევარს – ნუგზარ კვაშალი. ხან პერკუსიაზე უკრავენ. ჩვენთან არის ბესო კალანდაძეც. ბოლოს, თემურ მაისაშვილი და ირაკლი მენთეშაშვილიც შემოგვიერთდნენ.
რადგან ჩემი საიუბილეო კონცერტია, გადავწყვიტე, ჩემი სიმღერებისგან შემდგარი პოპური წარმომედგინა. მასში ოთხი სიმღერის ელემენტებია, ეს არის „გაიღიმე“, „გშორდი, გშორდი“, „მარჩელოს პატარა ნაწილი“ და „მარორიტა მარგარიტა“. კონცერტი ამ პოპურით დაიწყება.
შესანიშნავი შვიდეული – ნუგზარ ერგემლიძის პოპური
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ნუგზარ ერგემლიძე – გული სულ სხვა მღელვარებით ფეთქავს
ნუგზარ ერგემლიძე – მზრუნველი ბებო
ნუგზარ ერგემლიძე – გოგონა ბოტებით
ნუგზარ ერგემლიძე. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”