რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი სტუმრობდა, რომელმაც ახალ ფილმზე „ლირიკა“, ფილმის მთავარ იდეაზე, გადაღებების პროცესზე ისაუბრა და პრემიერის თარიღი დააანონსა.
რეზო გიგინეიშვილი: 2 იანვრიდან ჩემი ახალი ფილმის – „ლირიკა“ პრემიერაზე გელით.
ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო არის ის, რომ მაყურებელი ჩემს ფილმებზე დადის კინოთეატრში.
რამდენად რთული იყო ამ ფილმზე მუშაობა, როგორი იყო გადაღების პროცესი?
ვიტანჯები, როცა გადასაღებ მოედანზე არ ვარ, არ ვარ იმ სივრცეში და რეალობაში, რომელსაც ხანდახან ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენი თავისთვის და რომელიც ერთგვარი გაქცევაა იმ რეალობისგან, რომელიც ამ პროცესის მიღმაა.
ფილმში „ლირიკა“ ძალიან ბევრმა საყვარელმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ 10 წლიანი პაუზის შემდეგ, ეკრანზე დაბრუნდა მიშა მესხი. ძალიან მიხარია, რომ მიშას თავისი სათქმელიც დაუგროვდა და ახლა, სულ სხვანაირ მიშა მესხს იხილავთ. ის, რაც ჩვენ მიშაში გვიყვარს, უჩვეულობა, სინამდვილე, სიყვარული, იუმორი, ეს ყველაფერი ჩვენს ახალ გმირში იქნება. ფილმში იხილავთ ილიკო სუხიშვილს, დათო ევგენიძეს, აჩი და შოთა არველაძეებს, მურმან ჯინორიას და ბევრ სხვას. ფილმში იქნება ძალიან საინტერესო დებიუტი, პატარა ბიჭის როლს შეასრულებს 11 წლის საბა მესხი, რომელიც დარწმუნებული ვარ, თავს შეგაყვარებთ.
მგონია, რომ ეს ფილმი ძალიან მოუხდება საახალწლო გარემოს.
ჩემი აზრით, ეს ფილმი ძალიან ბევრ თაობას აერთიანებს.
რეჟისორი ფილმის ანონსს გვიზიარებს.
რა არის ფილმის მთავარი მესიჯი?
მთავარი არის ჩვენი გმირი, რომელსაც მიშა ასრულებს და მთავარი არის ის ემოცია, რომლის მოტანაც მაყურებლამდე გვინდოდა.
ასე თუ ისე, ყველა ფილმში, თუნდაც „მძევლები“, „სიყვარული აქცენტით“ რომ ავიღოთ, არის სპეციალური კონტექსტი, სადაც ამ ფილმში, მხატვრულ ნაწარმოებში ჩემს თავს ვეძებ. ჩემი სიყვარული, მარტოობა, მეგობრებთან ერთად დროის გატარება თუ სევდა, ყველაფერი ეკრანზე გადადის. ვყვებით პირად ისტორიებს, რომლის გამზიარებელიც, მინდა, რომ მაყურებელი იყოს.
ბევრი ჩემთვის საყვარელი ადამიანი, ამ ქალაქისთვის საყვარელი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან, ისე, რომ ბრჭყვიალა, ნათელი ცხოვრება იცხოვრა, მაგრამ იმის გამო, რომ ხან გზა აერია, ჰქონდა ალკოჰოლზე თუ სხვა რამეზე დამოკიდებულება, ჩვენ ამის გამო ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი დავკარგეთ. საერთოდ, ამ სტრესულ გარემოს, რაც ამ ქვეყანაში არის, ახასიათებს ის, რომ ადამიანს უნდა რეალობას გაექცეს. სირთულეები, რომელიც არის, ერთმანეთს უნდა გადავალახვინოთ. ძალიან მნიშვნელოვანია მიმღებლობა. ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც ამა თუ იმ მომღერალთან, მხატვართან, პოეტთან მეგობრობას იბრალებს მაშინ, როცა უკვე პანაშვიდია. რომ იტყვიან ხოლმე, რა ნიჭიერია და რა უქნა თავის თავსო, იმანაც უქნა და ალბათ, სოციუმმაც უქნა, რადგან ეს მარტოობა ახასიათებს ადამიანს, მაგალითად, ალკოჰოლს რომ დაუმეგობრდება. ყველა ჩვენგანში დევს ციკლი, როცა შეიძლება, აღმავლობა გვქონდეს და მერე, დავეცეთ და ამ მომენტში, მთავარი არის ის ადამიანი, თუ ვინ შეგიყვარებს და ამ ფილმში არის ეს იმედი, ამ ბავშვის სახით.
ფილმში საახალწლო დღისთვის ემზადება თბილისი და მიშას გმირი დაბოდიალებს თბილისში, ისეთ თბილისში, რომელიც თქვენ გიყვართ და დღესაც არსებობს და დარწმუნებული ვარ, ეს კადრები ერთგვარ ნოსტალგიასაც გამოიწვევს თქვენში. უხვად რომ ვუყურებთ გადაცემებს, ვირტუალურ სამყაროს, გვიყალიბდება წარმოდგენა, რომ ისეთი ხალხი, როგორიც ადრე გვიყვარდა, აღარ არსებობს, არადა ასეთი ხალხი არსებობს.
მიხარია, რომ თქვენ თვლით, რომ ძველი თბილისი ისევ არსებობს…
თბილისი სულ თბილისია… ის მთავარი ემოცია, რაც არის ადამიანებში, რაზეც დგას თბილისი და მომხიბვლელი რითაც არის, ეს არის თბილისში. თუ რეალურად დავაკვირდებით და გადავდებთ ვირტუალურ სამყაროს, დავინახავთ, ასევე სიყვარულით თუ შევხედავთ, თუნდაც იმას, ვინც, დღეს ნერვებს გიშლით, უფრო ჩაღრმავდებით და იმის მხრიდანაც დაინახავთ სამყაროს, თუ რატომ არის ნერვებაშლილი და რატომ ქოთქოთებს.
საერთოდ, მსოფლიო მოწყობილი არ არის და ძალიან ძნელია ცხოვრება, მაგრამ დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, გამოვავლინოთ სითბო. აი ეს ემოცია მინდოდა, რომ ამ ფილმში ყოფილიყო. თავგადასავალი, კარგი იგავი, კარგი საახალწლო განწყობა არის ამ ფილმში.
თუ არის ფილმში ისეთი სცენა, რომელიც თავიდან დიდად არ გინდოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც ჩასვი?
არა, თუ მე რაღაც არ მინდა, ის არ ჩაისმება. ხანდახან, ისეც ხდება, რომ რაღაც მინდა და რომ ვხედავ, ეს არ ჟღერს, მაშინ არ ვაკეთებ.
მკაცრი ხარ მუშაობის პროცესში?
კი.
დღევანდელ საქართველოში ყველაზე რთულია, რომ თავი მოაბა და ფილმი გადაიღო.

რატომ არის რთული?
იმიტომ, რომ არ არსებობს არაფერი, ამას ინდუსტრიას ვერ დავარქმევ, არ არის ის კულტურა და მექანიზმები, რომელიც ხელოვანს ეხმარება. ფილმი წარმოებაა და ძალიან ბევრი ხალხი არის ამაში ჩართული. მაგალითად, „მძევლები“ და „სიყვარული აქცენტით“ რომ ავიღოთ, 3000-მდე ადამიანი იყო დაკავებული ამ ფილმებზე, შემოქმედებითი ჯგუფი, ტექნიკოსები… ეს კი დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული.
ჩემი იდეალისტების ჯგუფს, რომელიც შევკრიბე და ეს წლებია მათთან ერთად ვმუშაობ, ვთხოვე, რომ ჩემთვის 14 გადასაღები დღე დაეთმოთ. ბედნიერება არის, რომ ეს იდეალისტები ამ იდეის გარშემო გაერთიანდნენ და ეს ფილმი გააკეთეს. არც ერთ არტისტს, არც ერთ ადამიანს შემოქმედებითი ჯგუფიდან ჰონორარი არ აუღია. ჰონორარი რომ აეღოთ, ეს ფილმი ძალიან ძვირი დაჯდებოდა. ყველა თავის შვილად თვლის ამ ფილმს და ეს აღტყინება, აზარტი აუცილებლად გადმოდის ეკრანიდან და ეს ემოცია იკითხება.
აღნიშნე, რომ ჰონორარი არ აუღიათ არც მსახიობებს და არც შემოქმედებით ჯგუფს, რაც ასე უბრალოდ არ ხდება, ეს უდიდესი სიყვარული და პატივისცემაა შენს მიმართ და როგორ ფიქრობ, რა არის შენი წარმატების საიდუმლო?
ნებისმიერი პროფესია რომ ავიღოთ, მაგალითად, შეიძლება, იყოს ფეხბურთელი, რომელსაც უყვარს თამაში, მაგრამ ამ წამს არ იყოს საშუალება, რომ ამა თუ იმ გუნდში გაყიდონ… შენ ვერ აუკრძალავ მუსიკოს, რომ დაუკრას, ფეხბურთელს – რომ ითამაშოს. თუ ადამიანი შეყვარებულია თავის პროფესიაზე, ის უნდა აკეთოს.
ამ ჯგუფთან ერთად 15 წელია ვმუშაობ და ყველა პროექტი, ფილმი, სირთულე ერთად გვაქვს გამოვლილი და ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. გადაღებები, ეს პროცესი იმხელა სიამოვნებას გვგვრის, რომ შეუძლებელია, არ მოიწამლო, კარგი გაგებით.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ძალიან კარგი პროდუქტი დაიდოს?
საჭირო არის მონაცემი, ნიჭიერი უნდა იყოს ადამიანი, ამავე დროს, საჭიროა დიდი შრომა, მოთმინება, ხასიათი, ჟინი, გენეტიკა. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული გენი, ქართველი ხალხი ჯადოსნური, ღვთაებრივი ნიჭით არის დაჯილდოებული და ამას კიდევ შრომით თუ მორწყავ, კარგ რეზულტატს მიიღებ.
ჩემზე ასაკით პატარა, წარმატებულ ქართველს რომ ვუყურებ, სულ მინდა, რომ ჯანსაღ კონკურენციაში შევიდე მათთან, მიხარია მათი წარმატებები, მაგრამ ვხვდები, რომ მე თვითონ არ უნდა ვიჯდე დივანზე და დიდი პაუზები არ უნდა გავაკეთო. ცხოვრება, რაც ღმერთმა მოგვცა, ამ „დრაივში“ უნდა დავხარჯოთ, რომ სულ მაგარი საქმეები ვაკეთოთ.
დღევანდელი გადმოსახედიდან, რომელი მიგაჩნია შენს განსაკუთრებულ ნამუშევრად?
არ ვიცი… ყველა ფილმი დაკავშირებულია რაღაც ემოციასთან, ცხოვრების პერიოდთან.
რას არ გადაიღებ არასდროს?
დანამდვილებით შემიძლია გითხრა, რომ ბევრ რამეზე მაქვს უარი ნათქვამი, რაც სხვათა შორის, სულ თანხლებაში არის ხოლმე კარგ ფულის შოვნასთან… სხვის ტაშ-ფანდურზე ვერ ვივლი. ჩემთვის ძალიან საკრალური ტერიტორიაა ეს და არ მინდა, ფულზე გავყიდო.
პროპაგანდისტულ რაღაც სისულელეს არ გადავიღებ.
არ უნდა ამიკრძალოს არავინ, ვილაპარაკო იმ თემებზე, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია.
ყველაზე მეტად ვინ შეუწყო ხელი შენს წარმატებას?
ჩემმა მშობლებმა, ოჯახმა და იმ გარემომ, სადაც ვიზრდებოდი და იმ ხალხმა, ვინც კინემატოგრაფია შემაყვარა, ჩემმა პროფესორმა, მასწავლებლებმა.
რაიმე სხვა ჰობი თუ გაქვს?
ბევრი… სპორტი, მუსიკა, ხან ბასზე ვუკრავ, ხან ბარაბანზე, ხან პიანინოზე ვცდილობ დაკვრას, ხან ჩოგბურთს ვთამაშობ, ხან კალათბურთს. ასევე, მყავს ცხენი.