ლელა წურწუმია თათა სადრაძის გადაცემას არტ-FM ესტუმრა და ისაუბრა განვლილი საკონცერტო სეზონისა და სიახლეების შესახებ. მან ნიკა ადიკაშვილის მიერ სპეციალურად მისთვის დაწერილი სიმღერაც წარადგინა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.
ლელა წურწუმია:
6 წლიდან ვდგავარ სცენაზე, დედამ ამ ასაკში მიმიყვანა „პიონერთა სასახლეში“. აქტიური ბავშვი ვიყავი. 50 წელი გავიდა, რაც არც ისე ცოტაა, მაგრამ სცენა არასდროს მიმიტოვებია. 1999 წლიდან დაიწყო ჩემი აქტიური მუსიკალური კარიერა და ჩაიწერა ის ჰიტები, რომლებიც დღემდე აქტუალურია.
რა არის ლელა წურწუმიას წარმატების ფორმულა? სხვადასხვა ასაკის მსმენელი მოდის კონცერტებზე…
ეს კითხვა მეც დავუსვი საკუთარ თავს – რამ განაპირობა ის, რომ ჩემს კონცერტებზე ყველა ასაკის მაყურებელი მოდის. პირველი არის ის, ვინც ჩემს სიმღერებზე გაიზარდა, ახალგაზრდობის პერიოდი, შეყვარებულობის, ოჯახის შექმნის… მშობლებმა, ეტყობა, იმ დოზით უსმინეს ჩემს სიმღერებს, რომ შვილებსაც შეაყვარეს (იღიმის). 5 წლის ნინიკო, ძალიან საყვარელი ბავშვი მოდის ხოლმე ხშირად ბათუმში, აუზზე, პომადაწასმული და მეუბნება, ხშირად ვუსმენ შენს სიმღერებს, შეიძლება ჩაგეხუტოო? დედას ვთხოვე, შენი სიმღერა ჩამირთოს და ვერ იპოვაო. ეტყობა, ყელში ამოუყვანეს ჩემი სიმღერები (იცინის). დამოკიდებულება, ურთიერთობა მსმენელთან – არტისტი მარტო სიმღერა ხომ არ არის? ეს არის ის, თუ როგორ ექცევი შენს მსმენელს, რამდენად კარგი დამოკიდებულება გაქვს მის მიმართ, ცოცხალი შესრულება, როცა შენ დებ მაქსიმალურ ენერგიას და იხარჯები, არ არსებობს, რომ ის უკან არ დაგიბრუნდეს. მე ვგრძნობ ამ სიყვარულს და ესეც განაპირობებს ბევრ რამეს. რეპერტუარი, ჩაცმულობა, შენს თავს როგორ ექცევი – შეიძლება, პატარა დეტალი იყოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, რაც წარმატებას ქმნის.
არასდროს საუბრობ შენს ქველმოქმედებაზე. ვიცი, რომ ამაზე არაფერს იტყვი, მაგრამ ამ დროის განმავლობაში რომელი გამორჩეული შემთხვევა გახსენდება მსმენელთან დაკავშირებით? ვიცი, რომ ეს იყო სიურპრიზი…
მყავს ისეთი გულშემატკივრები, რომლებიც საზღვარგარეთ რომ წავედი, იქაც დამხვდნენ კონცერტზე. 20 წლის ბათუმელი გულშემატკივარი მყავს, გიორგი, ანტვერპენში კონცერტზე დამხვდა და ისეთი გაოცებული ვუყურებდი, რომ სიმღერა დამავიწყდა. ქველმოქმედებაზე საუბარი არ მინდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მიიჩნევს, რომ ეს გადამდებია და უნდა ილაპარაკო. არ მიყვარს ხმამაღლა აღიარება, ვფიქრობ, რომ ჩუმად უნდა გააკეთო და ღმერთმა იცის ამის შესახებ.
ისე, კონცერტის დროს ტექსტი დაგვიწყებია? ასეთ დროს მამულიჩა ხომ არ ერთვება საქმეში?
მაყურებელი ვერ მიმხვდარა… ყოფილა ასეთი შემთხვევები, რადგან კონცერტების განმავლობაში 22-23 სიმღერას რომ ასრულებ, შეიძლება, თავიდან ამოგიფრინდეს წლების განმავლობაში შესრულებული სიმღერების ტექსტებიც… ისე რითმულად ვსვამ ხოლმე სხვა სიტყვებს, რომ ვერავინ ამჩნევს (იღიმის). ეს კი არა, მისამღერიც გამიგრძელებია იქ, სადაც არ იყო საჭირო, თუმცა ცოცხალი შესრულების ხიბლიც ეს არის.
ახალ სიმღერაზე უნდა ვისაუბროთ, რომლის პრემიერაც ახლა შედგება ჩვენს ეთერში…
ეს არის პიანისტისა და კომპოზიტორის, ნიკა ადიკაშვილის სიმღერა. სხვათა შორის, „იუთუბზე“ რამდენიმე მისი შესრულება დაიდო, კლიპებიც კი გადაიღო და როცა მიგზავნის ხოლმე, ვეუბნები, ჩემთვის იწერება ეს სიმღერები-მეთქი? ისეთ მელოდიებს წერს, რომ ჩემს თავს ვხედავ და ჩემი ხმა მესმის. სიმღერა „მთავარი ძაფები“, ირინა სანიკიძის ტექსტზე, არანჟირების ავტორი გახლავთ გიგა კუხიანიძე და მისივე სტუდიაში ჩაიწერა.
ამ სიმღერას აქვს ძალიან სევდიანი ისტორია – ჩემი მეგობრის შვილის ხსოვნას მივუძღვენი, გიორგი გურჩიანი ტრაგიკულად დაიღუპა იანვარში. ეს სიმღერა ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ცხოვრების განმავლობაში ვკარგავთ ადამიანებს სხვადასხვა მიზეზით. ეს სიმღერა მსმენელმა ძალიან სწრაფად აიტაცა. პირველად რომ ვიმღერე, ჩემ წინ მდგომი ფანები ზეპირად ამყვნენ. ბათუმის „სოჰოში“ მოხდა ამ სიმღერის პრემიერა, სწორედ მისი და იყო იქ და გავბედე, რომ მემღერა. ძალიან ემოციურია… მიყვარს ნიკა ადიკაშვილის შემოქმედება, ირინა სანიკიძის ტექსტზე არაფერს ვამბობ, ჩემი შემოქმედების 90% სწორედ მის ტექსტებზეა შექმნილი.
სანამ დაგემშვიდობებით, მინდა, რადიო „ფორტუნას“ გადავუხადო დიდი მადლობა, რომ ქართველი არტისტებისთვის დიდ საქმეს აკეთებთ. მივულოცავ „ფორტუნა პლუსს“ დაბადების დღეს!..
ლელა წურწუმია – მთავარი ძაფები