აშშ-ში 71 წლის ბრენდა მალინსმა ცხოვრების ახალი ეტაპი მოხუცთა სახლში დაიწყო – მან იქ სიყვარული იპოვა და მოგვიანებით ქორწილიც გადაიხადა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ქალმა პანდემიის პერიოდში მძიმე დანაკარგი გადაიტანა: COVID-19-ის დროს გარდაიცვალა მისი მეუღლე, რომელთანაც ბრენდა თითქმის ნახევარი საუკუნე – 48 წელი ცხოვრობდა. მარტოობასა და მწუხარებას რთულად უმკლავდებოდა, რის შემდეგაც ახლობლებმა ურჩიეს, დრო გაეტარებინა მონტგომერის ოლქის მოხუცთა სახლში გამართულ შეხვედრებზე.
სწორედ იქ, 2023 წელს, მან 74 წლის ბობ ვაგონერი გაიცნო. მათ სწრაფად აღმოაჩინეს, რომ საერთო ტკივილი აკავშირებდათ – კაცმა ცოტა ხნის წინ დედა დაკარგა. თავიდან ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო: ერთად თამაშობდნენ კარტს, შემდეგ კი ერთად სადილობაც დაიწყეს.
დროის გასვლასთან ერთად მათი სიახლოვე მოხუცთა სახლის სხვა ბინადრებისთვისაც თვალსაჩინო გახდა. ბევრს სჯეროდა, რომ ეს ურთიერთობა რაღაც უფრო დიდში გადაიზრდებოდა. ვაგონერის თქმით, ნელ-ნელა და ფრთხილად დაახლოება განსაკუთრებული განცდა იყო – „თითქოს ისევ მოზარდი ხარ, ნერვიულობ და იმედოვნებ, რომ ყველაფერი გამოვა“.
თავდაპირველად არც ბრენდა და არც ბობი ქორწინებას არ გეგმავდნენ. თუმცა მოგვიანებით ვაგონერმა გადაწყვეტილება შეცვალა და ქალს ხელი სთხოვა. მალინსმა თავიდან უარი თქვა – მიაჩნდა, რომ ახალი ქორწინებისთვის მზად არ იყო. საბოლოოდ კი, 2025 წლის დეკემბერში, მან თანხმობა განაცხადა.
ცოტა ხნის წინ წყვილმა ქორწილი სწორედ მოხუცთა სახლში გადაიხადა. ახლა ახალდაქორწინებულები თაფლობის თვის დაგეგმვით არიან დაკავებული და გაზაფხულზე ტბასთან გამგზავრებას აპირებენ.