LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა გულუა: „თუ უფალი ინებებს, სიამოვნებით გავაჩენ მესამესაც… საყვარელი ადამიანისგან შვილის გაჩენა დიდი ბედნიერებაა და მინდა მივმართო ქალებს, ვინც შედარებით გვიან დაოჯახდა, 40 წლის ასაკში გავაჩინე მეორე შვილი…“

6550
ნანუკა გულუა

ტელესახე და მსახიობი ნანუკა გულუა ახლახან მეორე შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, კახა კაშიას ქალიშვილი ნინა და ვაჟი – იკუნა ჰყავთ. ნანუკა და კახა თავადაც აქტიურად არიან ჩართულები შვილების მოვლაში და ოჯახის წევრებიც მუდმივად ხელს უწყობენ დამხმარე ქალთან ერთად, რომლის მიმართ ნანუკა უდიდეს მადლიერებას გამოხატავს. ორი შვილის და ოჯახის პარალელურად, ის ახერხებს, თავისი საქმითაც იყოს დაკავებული და წარმატებული კარიერა შექმნას. ნანუკა მიიჩნევს, რომ მაგალითია იმ ქალებისთვის, რომლებიც შედარებით გვიან ასაკში დაოჯახდნენ – „მეორე შვილი 40 წლისამ გავაჩინე და მინდა ვუთხრა ყველა ქალს, რომ სისულელეა ის ზეწოლა, რაც გარემოსგან აქვთ, როცა ეუბნებიან – ვაიმე, ოღონდ გათხოვდი და შვილი გააჩინე და მერე თუ გინდა გაშორდიო…“

ნანუკა, მიიღეთ ჩვენგან ცოტა დაგვიანებით მილოცვა მეორე შვილის შეძენასთან დაკავშირებით. გვითხარით, რა განსხვავება იგრძენით, როცა მეორე შვილის დედა გახდით?

ნანუკა გულუა:

უფრო მშვიდად ვარ და უფრო გამოცდილი ვარ, ვიცი, რის შემდეგ რა მოდის. პირველ შვილზე ისტერიკა მემართებოდა, როდესაც ტიროდა, იკუნაზე უკვე ვიცი, რამ შეიძლება ეს გამოიწვიოს და მეც არ ვტირი მასთან ერთად. რაღაც რომ აწუხებს, შემიძლია, დავამშვიდო და აქეთ არ გავხდე დასაწყნარებელი…

თქვენი მეუღლე როგორ არის ჩართული ბავშვების მოვლაში?

როგორც მე შემიძლია გამოვუცვალო პამპერსი, დავიცვა ჰიგიენური ნორმები ბავშვთან დაკავშირებით, გავასეირნო, გავართო, ყველაფერი შეუძლია გააკეთოს კახამაც. ყველაფერშია ჩართული. ბავშვები გიჟდებიან მასზე. ჩვენი შვილები ორივე მშობელზე არიან დამოკიდებულები. ჩვენთან არ არის ის შემთხვევა, როცა დედა ყველაფერს აკეთებს და მამა წამოწოლილია. თუ კახა მთელი დღე სამსახურშია და დაღლილი მოდის, მაინც თავად უნდა, რომ ღამე ჩაერთოს ამ რუტინაში. თავად აქვს სურვილი, შვილებთან კონტაქტი ჰქონდეს… ჩემთვის ეს ახალი არ არის, რადგან მთელი ბავშვობა მამაჩემიც ზუსტად ასევე იყო ჩართული ჩვენს აღზრდაში. ძალიან მინდოდა, ჩემი მეუღლეც ასეთივე ყოფილიყო…

დამხმარე გყავთ თუ თავად უმკლავდებით ორი ბავშვის მოვლას?

კახაში რომ გამიმართლა, ეს გამართლება ხომ გამართლებაა, მაგრამ ყველაზე დიდი საჩუქარი და ღვთის წყალობაა, რომ ბავშვის აღმზრდელში გაგიმართლებს. ირა ნინას აღზრდაში გვეხმარებოდა და როცა იკუნა გავაჩინე, მივხვდი, რომ ყველა რესურსი უნდა ჩამედო იმაში, რომ არა სხვა აღმზრდელი მეძებნა, არამედ ირასთვის გადამენაწილებინა საქმე ისე, რომ ორივეზე ზრუნვა შესძლებოდა. ეს არის სუპერპროფესიონალი, ბავშვის აღზრდის მცოდნე, ჩემი ოჯახის წევრი… სხვა სიყვარული და ინსტინქტები აქვს. შაბათ-კვირას, როცა ჩვენთან არ არის ხოლმე, იქით მაკონტროლებს, ახლა ეს გააკეთე და ის გააკეთეო… მშობელი რასაც ითხოვს ბავშვის აღმზრდელისგან, ირა პირიქით, ჩემგან ითხოვს. როცა ამბობენ, ძიძას ვერ ვპოულობ და არ ვენდობიო, ეს ჩემთვის უცხო ამბავია. როცა ირა ბავშვს ასეირნებს, ეზოდან მწერს ხალხი, ძიძები, როგორ გაგიმართლათო. ახალ მშობლებს ჰგონიათ, რომ ირა იცნობს თავის კლონებს და თავისნაირ ძიძებს. მეკითხებიან ხოლმე, ირამ კარგი ძიძა ხომ არ იცისო. ვეუბნები ხოლმე, დიდი რომ გავიზრდები და სამეგრელოს გუბერნატორი გავხდები, ბავშვთა განვითარების ცენტრი უნდა გაგიკეთო-მეთქი. ასეთი გეგმა გვაქვს მე და ირას (იღიმის).

თქვენს ორ შვილს შორის მცირე განსხვავებაა. ეს საკმაო სირთულეებს უკავშირდება. თქვენ რა სიძნელეებს გადააწყდით?

თავდიან, გულწრფელად უნდა გითხრათ, იმდენად ცუდად ვიყავი… მშობიარობის შემდგომი დეპრესია იყო თუ რა, არ ვიცი, რაც ნინას გაჩენის შემდეგ ნამდვილად არ მქონია… ერთ სივრცეში ვერ ვაძინებდი ბავშვებს, ახალშობილი მუდმივად ტიროდა, ნინას ვერ ვაქცევდი ყურადღებას, რაც აღიზიანებდა. დავრბოდი ოთახიდან ოთახში, ახალშობილს ვაჭმევდი… ძალიან რთული იყო პირველი სამი თვე. ახლა, როცა იკუნამ ნელ-ნელა დააბალანსა ძილის რეჟიმი, ისწავლა, რომ დღე დღეა და ღამე – ღამე, ორივეს ვაძინებ ერთად და უფრო მარტივია. ნინა და იკუნა რაც უფრო იზრდებიან, რაც უფრო უყვარდება ნინას ეს „ვიღაც“, ვისაც ადრე არ იცნობდა, მით უფრო ნაკლები სიძნელეა…

ამის ფონზე მუშაობა, რაღაცის კეთება როგორ ხერხდება?

ერთი წამიც არ შემიწყვეტია მუშაობა, თუ დამიჯერებთ. ისევ ირას ვუმადლი ამას. სახლის საქმეები, სარეცხი იქნება თუ საუთოო, დედის მხრიდან მაქვს მოგვარებული. არც მე და არც ირა ბავშვებს გაჯეტებს არ ვაკარებთ. ასეთ დროს ბავშვი გაცილებით ვითარდება, ყოველ წამს უნდა საუბარი და გართობა. როცა სახლში ვარ, მუდმივად ვარ ბავშვებთან, ვესაუბრები და ვასრულებ მათ მოთხოვნებს. როცა მე არ ვარ, ზუსტად ვიცი, რომ იმავენაირად იქცევა ირა, დედაჩემი და კახა მუდმივად ეხმარებიან. საღამოობით ჩემი დები, რომლებსაც ეგონას და ნატრულის ვეძახი, შემოირბენენ, თუ სცალიათ. კახას მშობლები ძალიან ახალგაზრდები არიან და ისინიც გვეხმარებიან საღამოობით, ასე რომ, მთელი ოჯახი ჩართულია მათ მოვლაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც შენ ზრდი ბავშვს, ამაში ხელს შეგიწყობენ ახლობლები… მაგალითად, შეიძლება, მშობელი არ აყურებინებდეს ტელევიზორს ბავშვს, მაგრამ ბებია-ბაბუა რთავდეს ამის ნებას. ჩვენ შემთხვევაში ზუსტად ისეა, როგორც მე ვზრდი. ამ წესს მიჰყვება ყველა და შესაბამისად, ძალიან მარტივია…

ნანუკა, ისეთი ტემპები გაქვთ აღებული, მესამე შვილზეც ხომ არ ფიქრობთ?

იცით, რა? არ გამოვრიცხავ…

გსურდათ, რომ მრავალშვილიანი დედა ყოფილიყავით?

არ მიფიქრია ამაზე. პირიქით. ისეთ ასაკში დავოჯახდი, ვფიქრობდი, ალბათ, ყველას ბედი არ არის შვილების ყოლა-მეთქი. სავარუდოდ, ჩემი ბედნიერება სხვა რამეში უნდა ვიპოვო-მეთქი. თან, არასდროს ყოფილა ჩემი თვითმიზანი ოჯახი და შვილები. ჩემს მეგობრებს ძალიან უკვირთ, ასეთი დედა რომ აღმოვჩნდი. ეგონათ, სხვებს გავაზრდევინებდი და მე აქეთ-იქით ვივლიდი, მაგრამ არ არსებობს სხვა უფრო დიდი სიამოვნება, რასაც ჩემს შვილებთან კომუნიკაცია მაძლევს. ყველაფერი ამოყირავდა. ორი და მყავს, ჩვენ სამნი ვართ და რომელიმე რომ არ მყავდეს, ძალიან უბედური ვიქნებოდი. მინდა, ჩემს შვილებსაც ჰყავდეთ დაც და ძმაც. სამწუხაროდ, ჩემი საკეისრო კვეთები არ მაძლევს საშუალებას, რომ მალე გავაჩინო მესამე. რაღაც დრო უნდა გავიდეს და თუ უფალი ინებებს, აუცილებლად გავაჩენ მესამესაც.

მინდა გკითხოთ – ახლა რაც ისაუბრეთ, ამ ფაციფუცში, რამდენად გრჩებათ თქვენ და კახას დრო რომანტიზმისთვის, რაც ცოლ-ქმარს შორის უნდა იყოს?

საერთოდ არა (იცინის)!.. ეს სამომავლოდ გადავდეთ. ვფიქრობდი, პატარა პაუზა რომ გავაკეთე პირველ და მეორე შვილს შორის, ცოტა შემერგო დასვენება-მეთქი, მაგრამ არა… ორივე გადართულები ვართ შვილების აღზრდაზე…

ბევრჯერ ახსენეთ გვიან ასაკში დაოჯახება, რაც მგონი, თანამედროვე სამყაროში უკვე აღარავის უნდა უკვირდეს… ფიქრობთ, რომ გარკვეული მაგალითი ხართ ქალბატონებისთვის, რომელთაც სურთ დაოჯახება და შვილის ყოლა 30-35 წელს ზევით?

დიახ, ზუსტად ამის თქმა მინდოდა, ჩემი ფოლოუერები მწერენ, ბევრს ვჭორაობთ ამ თემაზე. ყველა ქალს მინდა ვუთხრა, რომ სისულელეა ის ზეწოლა, რაც გარშემომყოფებისგან არის ხოლმე, დაგაგვიანდა, ბავშვს ვეღარ გააჩენ, ვაიმე… ოღონდ გათხოვდი, ნებისმიერს გაჰყევი, შვილი გააჩინე და მერე გაშორდი თუ გინდაო… ეს სტრესი გარემოდან უგულებელჰყონ. ის, რაც შენ გინდა, ის, ვინც შენ გიყვარს, ვისგანაც გინდა შვილი, ეს იმდენად დიდი ბედნიერებაა, ერთი წამითაც არ იდარდონ, რომ რამე აგვიანდებათ. როგორც თავად ფიქრობენ, ვისთან ერთადაც და რა სტატუსითაც, ისე უნდა იპოვონ საკუთარი ბედნიერება. ვფიქრობ, ვარ მაგალითი 30-35+ გოგონებისთვის, ვისაც ჰგონია, რომ აღარაფერია წინ და დააგვიანა… 40 წლის გავხდი და მერე გავაჩინე მეორე შვილი და აუცილებლად გავაჩენ 42 წლის ასაკში მესამეს, თუ ღვთის წყალობა იქნება… უკვე ძალიან გაიზარდა შვილის გაჩენის ასაკი და ამიტომ არაფერი გვიან არ არის. ეძიონ და დაელოდონ თავიანთ ბედნიერებას…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g