სალომე ბაკურაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ცოლ-ქმრულ ურთიერთობებსა და მეუღლესთან, ლაშა ბასლანძესთან დამოკიდებულებაზე საუბრობს.
იმის გამო, რომ კამათი ან კონფლიქტი ჩიხში არ შესულიყო, მეუღლესთან დათმობაზე ხშირად წასულხარ?
სალომე ბაკურაძე:
რა თქმა უნდა, ქმართან დათმობაზეც ხშირად წავსულვარ და ამის აღიარების არ მრცხვენია. ლაშაც წასულა დათმობაზე. თუ რომელიმემ არ დათმო, წყვილს შორის რქებით შეჯახებას კარგი არაფერი მოაქვს. არა მარტო ცოლქმრულ ურთიერთობაში, არამედ მეგობართან, დედმამიშვილთან და მშობლებთანაც კი მივდივართ ხანდახან დათმობაზე და ეს ნორმალურია. ჩემს შვილსაც სჭირდება ხასიათის შეწყობა და მეც – მისი მხრიდან. უნდა დათმოს ქალმაც და მამაკაცმაც, თუ ეს სიტუაციას დაალაგებს და ამის სურვილი, ერთსაც აქვს და მეორესაც. ანუ, ურთიერთობაში ცალი მხარე არ არსებობს, ორი ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული, რამდენად იდილიური და მშვიდი ცხოვრება ექნებათ. ამა თუ იმ თემაზე მე და ლაშას განსხვავებული შეხედულება გვაქვს, მაგრამ ეს არასოდეს გამხდარა ჩვენ შორის კამათის მიზეზი. ჩვენ ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ. რასაკვირველია, ყველა ოჯახში დგება კრიზისული მომენტი, ჩვენც გავიარეთ ეს, მაგრამ ეს ყველა წყვილს შორისაა. თუ ადამიანი გიყვარს, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, მთავარია, სურვილი ორივეს მხრიდან. რომ ხვდები, ურთიერთობა ჩიხში შედის, როგორც ცოლის, ისე ქმრის მხრიდან მობილიზებაა საჭირო, რომ გამოსავალი გამონახონ და სურვილი, ურთიერთობა ჩიხიდან გამოიყვანონ. რომ ამბობენ, სიყვარული ხუნდება და ფერს იცვლისო, ამის არ მჯერა. შეიძლება, ურთიერთობა, უბრალოდ, სხვა ეტაპზე გადავიდეს, ერთ წამში გადაყვარება არ ხდება. თუ პატივისცემა გაქრა, რასაკვირველია, იქ სიყვარულიც ქრება. სიყვარულის ყველა ეტაპი საინტერესოა, ურთიერთობაში სხვა ფერები ჩნდება და ამ ეტაპებითა და ფერებით ტკბები.