CNN-მა შოკისმომგვრელი ვიდეო მოიპოვა, რომელშიც Diddy-ის მეგობარ ქალზე ძალადობა დასტურდება.
ვიდეოში კესი ვენტურა ჩანს – საკულტო ჰიპ-ჰოპ არტისტის ყოფილი მეგობარი ქალი, რომელიც პირველი იყო, ვინც გასულ წელს, 54 წლის რეპერი ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. მან სარჩელი ნოემბერში შეიტანა, სადაც ამტკიცებდა, რომ ის რეპერის ძალადობრივ ქმედებებსა და შემაწუხებელ მოთხოვნებს, მათ შორის ფიზიკურ თავდასხმებსა და იძულებას, სექსუალური კავშირი დაემყარებინა მამაკაც სექსმუშაკებთან, ათი წელი უძლებდა. საჩივრის მიხედვით, როცა 2018 წელს, კესი ეცადა Diddy-სთან, 11-წლიანი ურთიერთობა დაესრულებინა, რეპერმა ის თავის სახლში გააუპატიურა. რეპერისა და მომღერლის ურთიერთობა, 2007-დან 2018 წლამდე გრძელდებოდა.
კესის შემდეგ, Puff Daddy სექსუალურ ძალადობაში, ასევე გაუპატიურებაში, სამმა ქალმა ამხილა.
ვიდეო, რომელიც ქსელში ვირუსულად ვრცელდება, შემაძრწუნებელია. ის 2016 წლით თარიღდება და ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი სასტუმროს სათვალთვალო კამერის ჩანაწერია. კადრებში ჩანს, რომ ვენტურა ოთახიდან ბარგით ხელში გადის და ლიფტთან დგება. მოგვიანებით, ოთახიდან Diddy გამორბის, რომელიც კესის თავს ესხმის და ძირს აგდებს. შემდეგ რეპერი მეგობარ გოგონას კიდევ ერთხელ ურტყამს, მისივე ნივთებს იატაკიდან იღებს და ძირს, უმოქმედოდ დავარდნილ ვენტურას, ოთახისკენ მიათრევს.
P. Diddy-ის საქმეს სერიოზული განხილვა ელის. ის ამ დრომდე ბრალდებებს უარყოფდა. ,,მე ვიბრძოლებ ჩემი სახელისთვის, ჩემი ოჯახისა და სიმართლისთვის.” – აღნიშნავდა Diddy.
შონ კომბსის, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც – Puff Daddy, P. Diddy და Diddy, მუსიკალური კარიერა სტარტს 1997 წლიდან იღებს. მას პოპულარობა ჰიტებმა – Can’t Nobody Hold Me Down და I’ll Be Missing You მოუტანა.