ნიდერლანდებში საპენსიო ასაკის შემცირება გადაწყვიტეს იმ ადამიანებისთვის, ვინც მძიმე ფიზიკური შრომითაა დაკავებული. ამ საკითხთან დაკავშირებით პროფკავშირები, მთავრობა და დამსაქმებლები უპრობლემოდ შეთანხმდნენ, წერს NLTimes-ი.
ნიდერლანდებში საპენსიო ასაკი 66 წელს შეადგენს და ეს ასაკი მოქმედებს როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალბატონებისთვის. მოსალოდნელია, რომ დასაქმებულები, რომლებიც მძიმე ფიზიკური საქმიანობით არიან დაკავებული, პენსიაზე გასვლას 3 წლით ადრე შეძლებენ.
თუ ზუსტად ვინ ხვდება კატეგორიაში „მძიმე ფიზიკური საქმიანობით დაკავებული“, მოლაპარაკებების დროს გადაწყდება. ასევე, დამსაქმებლები და პროფკავშირები განიხილავენ, საჭიროა თუ არა მაქსიმალური შემოსავლის განსაზღვრა იმისთვის, რომ მოქალაქე ამ კატეგორიაში მოხვდეს.
იმისათვის, რომ პენსიაზე გასვლა მასობრივ მოვლენად არ გადაიქცეს, მთავრობამ გადაწყვიტა ასეთი დასაქმებულების რიცხვი წელიწადში 15 ათასი ადამიანით განსაზღვროს. ეს შესწორება შრომის ბაზარზე ბალანსის შესანარჩუნებლად იქნება საჭირო.