არიანა გრანდესა და სინტია ერივოს მომავალი კინოდაჯილდოებების ნომინანტთა შორის მოიაზრებენ. მას შემდეგ, რაც ბროდვეის მიუზიკლის – Wicked მხატვრულმა ეკრანიზაციამ მათი მონაწილეობით მაყურებლისა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა, ვარაუდობენ, რომ ვარსკვლავებმა შესაძლოა პრესტიჟული კინომოვლენების, მათ შორის ,,ოსკარის” ნომინაციები მიიღონ.
მოარული ხმების თანახმად, გრანდეს ,,ოსკარზე” ,,საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში”, ხოლო ერივოს ,,საუკეთესო მსახიობი ქალის” ნომინაციაში წარადგენენ.
აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში თუ პროგნოზები გამართლდა გრანდესთვის ეს ,,ოსკარის” პირველი, ხოლო ერივოსთვის მესამე ნომინაცია იქნება.
შეგახსენებთ, რომ ფენტეზის ჟანრის ფილმში – Wicked, რომელიც ორ ნაწილად გამოდის, არიანა გრანდე კეთილ ჯადოქარს, გლინდას, ხოლო სინტია ერივო ბოროტ ჯადოქარს, ელფაბას განასახიერებს. საკულტო მიუზიკლის კინოადაპტაციის პირველი ნაწილი ქართულ კინოგაქირავებაში, 21 ნოემბერს ჩაეშვება. Wicked-ის სიქუელის პრემიერა, 2025 წლის 21 ნოემბერს შედგება.
ცნობისთვის, ამერიკის კინოაკადემია მომავალი წლის ,,ოსკარების” ნომინანტთა სიას 17 იანვარს გამოაქვეყნებს, 97-ე ,,ოსკარები” კი 2 მარტს გაიმართება.