მაიკო კაჭკაჭიშვილი მალე საკუთარ მუსიკალურ სტუდიას გახსნის. ვინც მას, როგორც შემოქმედსა და ძალიან ნიჭიერ ადამიანს, ასევე გასაოცარ ვოკალისტს იცნობს და აქვს ვოკალის შესწავლის სურვილი, სექტემბრიდან გზა ხსნილი ექნება…
მაიკო fortuna.ge-სთან საუბრისას ამ საქმეს საოცნებოს უწოდებს. კომპოზიტორს, რომელიც უკვე მეექვსე წელია, სახლშია და ხალხთან ურთიერთობას ერიდება მძიმე პერიოდის გამო, გადაწყვეტილი აქვს, რომ საკუთარ საქმიანობას დაუბრუნდეს როგორც სიმღერების წერის კუთხით, ასევე პედაგოგობის ხაზითაც…
როდის და როგორ გადაწყვიტე მუსიკალური სტუდიის ამოქმედება, ვის მიიღებ და რა მიმართულებები გექნება? რას ნიშნავს შენთვის ამ სტუდიის ამოქმედება?
მუსიკალურ სტუდიაში 6 წლიდან 23 წლამდე მივიღებთ მოსწავლეებს. სტუდია იხსნება გოგონებისა და ბიჭებისთვის. გაიხსნება ჯგუფები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის, ცალკე გვექნება მოყვარულთა ჯგუფიც… ჩვენი პედაგოგები იქნებიან უძლიერესი პედაგოგები – ელენე ფოჩხუა, ანა ჭუმბურიძე, ეკატერინე ამაშუკელი. მე აბსოლუტურად ყველა გაკვეთილში ვიქნები ჩართული, დავალებებს დავტოვებ, მოკლედ, ამ საქმეს ვუხელმძღვანელებ.
შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ოცნების სტუდიას ვხსნი. მყავს ძალიან მაგარი პარტნიორი ბექა ბროლაძე, რომელიც უზრუნველჰყოფს ტექნიკურ საკითხებს, ჩვენი პიარის ხელმძღვანელი იქნება თამთა ჭელიძე, რომელიც იმუშავებს ბავშვების კონკურსებსა თუ გასტროლებზე გაგზავნის კუთხით, დაიგეგმება ვიდეოკლიპებისა და ახალი სიმღერების ჩაწერა.
თვეში ერთხელ ჩავატარებთ მასტერკლასებს, მოვიწვევთ ცნობილ მომღერლებს. ასევე გვექნება ღია გაკვეთილები მშობლებისთვის. ამ სტუდიაში მინდა შევკრა ჩემი ოცნების, გოსპელის გუნდი, მეყოლება გუნდიც და სოლისტებიც, ცალკე საკონცერტო ჯგუფი, ცალკე – მოსამზადებელი. მოვიცავთ ყველა სტილსა და ჟანრს…
დიდხნიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაუბრუნდი პედაგოგობას, როგორი ემოციები და მოლოდინები გაქვს? ახლა რა ეტაპია შენს ცხოვრებაში – რა გამოიარე და მომავალს როგორ ხედავ? შენი შვილებიც ხომ არ იქნებიან ჩართულები ამ ამბებში?
ახლა არის აღდგენის ეტაპი. ძალიან რთულია. მეექვსე წელიწადია, რაც ფაქტობრივად, სახლში ვარ. ეს ის მომენტია, ან ახლა, ან აღარასოდეს. ახლა არის ის მომენტი, როცა უნდა ვაჯობო საკუთარ თავს და გამოვიდე უკვე ჩემთვის შექმნილი კომფორტის ზონიდან, ეს იყო გაქცევა ხალხისგან. უნდა დავარღვიო ჩემი კომფორტის ზონა. ეს გააზრებული მაქვს. ჩემს პარტნიორს ამხელა საქმეს ტყუილად ნამდვილად არ გავაკეთებინებ, ამიტომ ყოველდღიურად უფრო და უფრო ვიაზრებ იმას, რაც თავში ვთქვი, ან ახლა, ან არასდროს…
შენს ვაჟზე, დათუნაზეც მოგვიყევი, სიმღერა რომ ჩაწერა პირველი და მასთან დაკავშირებით რა გეგმები არსებობს.
კი, დათუნაც იქნება ჩართული, როგორც მოზრდილი ბიჭების პედაგოგი. დათუნას პირველი სიმღერა ჩავწერეთ ზაზა ხუბუკელაშვილთან, ძალიან მალე დაბალანსდება და გამოვუშვებთ. ეს მისი საავტორო სიმღერაა. მეორე კომპოზიციას ბორიკო შხიანი უკეთებს. დათუნა თავისი საავტორო მუსიკის ხაზით წავა. ვნახოთ, როგორ მიიღებს ხალხი, თუმცა ბავშვობიდან წყალობს საზოგადოება და მგონია, რომ მის ახალ ნამუშევრებსაც კარგად მიიღებენ.
სიმღერების წერასაც აგრძელებ აქტიურად – გვექნება ჰიტების ცვენა მაიკო კაჭკაჭიშვილისგან ისევ, მოდიან მუზები?
მიუხედავად ამ ჩემი მდგომარეობისა, ბოლო თვეებში ძალიან ბევრი სიმღერა დავწერე. მქონდა სამყაროსგან რატომღაც ეს საჩუქრები. გზაშია ყველა ეს სიმღერა, კეთდება და მალე გამოვა. სექტემბრიდან კიდევ უფრო მეტი გამოჩნდება და ვნახოთ, რომელიმეს თუ ელის გაჰიტება. მე არ ვჩერდები და ღვთის წყალობით, მაქვს მელოდიების საცავი და ვიზოგავ, ვნახოთ, სადამდეც მეყოფა… იმედია, დიდხანს მეყოფა…
დაბოლოს, ჩემი დისშვილი, ლილე ნანობაშვილი ძალიან კარგად მღერის და მინდა, ისიც წარმოვუდგინო ხალხს ჩემი სიმღერით. იმსახურებს… ძალიან ნიჭიერია, ულამაზესი ხმის ტემბრი აქვს, 14 წლისაა და ამ ასაკისთვის საკმაოდ დამაკმაყოფილებელი ტექნიკა აქვს. ჩოგბურთელია, მაგრამ მინდა, მუსიკალური გზაც გავუკვალო. ასე რომ, დიდი გეგმებით ვარ…