რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ზაზა ხუციშვილი სტუმრობდა, გადაცემაში ზაზა ხუციშვილის ბენდის პოპურის პრემიერა შედგა.
ზაზა, მოგვიყევით თქვენს მუსიკალურ კარიერაზე, როგორ შეიქმნა „ვაკის პარკი“ და რატომ აღნიშნული სახელწოდება?
70-იანი წლების მეორე ნახევარი და 80-იანი წლები საკმაოდ პროდუქტიული და საინტერესო იყო ქართული ესტრადის ისტორიაში, რა თქმა უნდა, მანამდეც არსებობდა ლეგენდარული ჯგუფები, თუმცა 70-იანი წლების დასაწყისიდან როკ მიმართულების ჯგუფებიც გამოჩნდა. შემდეგ, ამას მოჰყვა თბილისის როკ-ფესტივალი. ამ გარემომ, ალბათ, ბევრი ჯგუფის დაბადებას მისცა დასაწყისი. მე, რომელიც მუსიკით არ ვიყავი დაინტერესებული, მიუხედავად იმისა, რომ ფორტეპიანოს შვიდწლედი დავამთავრე, ერთ დღესაც, როცა ჯგუფ „ღამურების“, „ბლიცის“ და ჭილაშვილების კონცერტზე ვიყავი, დამებადა აზრი, რომ ჩემზე პატარა ბიჭები თუ უკრავენ, მე რატომ არ შემიძლია, დავუკრა და ჯგუფი გავაკეთო-მეთქი. აქედან დაიწყო პირველი ნაბიჯები. ასეთ ნათლობად, როცა ჯგუფი უკვე გამოჩნდება საზოგადოების წინაშე, შეიძლება, ჩაითვალოს 1985 წელი, როცა მაშინდელი „ფილარმონიის“ დიდ დარბაზში გამოვედით. შემდეგ, ზაზა შენგელიამ ჩაატარა როკ-ფესტივალი, სადაც ასევე გამოვედით. მაშინ, ჩვენს ჯგუფს „რვაფეხა“ ერქვა. დადა დადიანი, ნუგზარ თუხარელი, ირაკლი ხუციშვილი და მე ვიყავით „რვაფეხას“ შემადგენლობა.
მალევე გადავედი მაშინ ძალიან პოპულარულ ჯგუფში, იყვნენ ასეთი ტყუპები, ძმები ჭილაშვილები და უკვე მათ სიმღერებს ვუკრავდით, რაც მე ძალიან მახარებდა, ასევე, ვუკრავდით გარკვეულ ქავერ ვერსიებს. ამ ყველაფერს მიჰყვა 90-იანი წლების დასაწყისი, როდესაც იყო უშუქობა, დანგრეული ქვეყანა… როდესაც ცოტა სტაბილურობა დაიწყო, ვგრძნობდი, რომ მუსიკის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამ დროს, შეყვარებული ვიყავი და სიმღერების წერა დავიწყე. წინა ჯგუფებში სიმღერებს მე არ ვწერდი. მოვამზადე რამდენიმე სიმღერა, უკვე არანჟირებაზეც ნაფიქრი მქონდა და ამ დროს, ჩემმა უფროსმა მეგობარმა, ვალერი კოჩაროვმა მათხოვა ოთხ არხიანი მაგნიტოფონი, რომელსაც მიქშერიც ზედ ჰქონდა და საშუალებას იძლეოდა ოთხი არხი შენით, სახლში ჩაგეწერა. მოვამზადე რამდენიმე თრექი. დავურეკე ირაკლი სანაიას, შემდეგ, მანვე შემომთავაზა მინდია გაბაშვილის კანდიდატურა. თავიდან, ბასისტზე შეგვექმნა პრობლემა და „ბლიცის“ გიტარისტს, ზაზა სახამბერიძეს ვთხოვეთ, რომ ჩვენთან ერთად დაეკრა და უცბად, მივიღეთ შეთავაზება, რომ გამოვსულიყავით ფესტივალზე „მარგარიტა 96“. გამოვედით ამ ფესტივალზე და ერთი თვის გაკეთებული ჯგუფი, საუკეთესო როკ-ჯგუფი გავხდით. ამის შემდეგ, საკმაოდ პროდუქტიული პერიოდი გვქონდა. პრაქტიკულად, 5-6 წელიწადში 6 სტუდიური ალბომი გამოვუშვით.
რაც შეეხება სახელწოდებას, ჩვენი თავშეყრის ადგილი იყო ვაკის პარკი. ვაკის პარკში იყო ღია კინო, სადაც ყოველთვის განსხვავებული და საინტერესო ფილმები გადიოდა. ამ კინოს ჰქონდა საკმაოდ მოზრდილი ეზო, სადაც ვიკრიბებოდით, ვსაუბრობდით. ისე მოხდა, რომ ვაკის პარკის გარშემო მუსიკოსების 5-6 ჯგუფი შევიკრიბეთ და საღამოს, რეპეტიციების შემდეგ, გამოვდიოდით, ვსაუბრობდით… ეს ისეთი დრო იყო, როდესაც მაღაზიაში იმის საშუალება, რომ შენს გემოზე აგერჩია გიტარა ან დასარტყამი ინსტრუმენტი, არ იყო. ყველას გვქონდა ოცნება, რომ დასავლური, კარგი გიტარა გვქონოდა. მოგეხსენებათ, სადაც კონკურენცია არ არის, იქ ხარისხი არ არის და საბჭოთა ინსტრუმენტები იყო კატასტროფა, სულ რომ დიდი სურვილი გქონოდა, დაკვრას გადაგაფიქრებინებდა.
ჩვენთვის ძალიან დიდი, კარგი გამოცდილება და დიდი პატივი იყო, ჩაგვეწერა ალბომი „ვაკის პარკი მეგობრებთან ერთად“, სადაც იყო დუეტი ქალბატონ ნანი ბრეგვაძესთან. ამ პროექტში ჩვენთან ერთად იყო თენგიზ ამირიძე, შესანიშნავი დირიჟორი. ასევე, იყო დათო ჯაფარიძე. გავაკეთეთ რომანსი „ქარი კვლავ არხევს“. იყო დუეტი მერაბ სეფაშვილთან, ავთო შარვაძესთან, რობერტ ბარძიმაშვილთან, ნინო სურგულაძესთან და ა.შ. მოკლედ, ძალიან შემოქმედებითი ალბომი გავაკეთეთ.
დანარჩენი ხუთი ალბომის ტექსტის და მუსიკის ავტორი მე ვიყავი.

ახლა, საბოლოოდ დაიშალა „ვაკის პარკი“ თუ ეს დროებითია?
გადავწყვიტე, სხვა მუსიკოსებთან ერთად გავაგრძელო მუშაობა, რადგან ამასაც რაღაც ექსპერიმენტის და სიახლის მოტანა შეუძლია. ისე, ჩვენ ისევ კარგი მეგობრები ვართ.
ახლა, 6 დეკემბერს, „ზაზა ხუციშვილის ბენდს“ ბაქოში გვაქვს კონცერტი, სადაც მინდია გაბაშვილი, „ვაკის პარკის“ დრამერიც მოდის. ძალიან ხშირად გვეხმარება ირაკლი სანაია. გიორგი სამსონაძე უფრო ჯაზის პროექტებით არის დაკავებული და ისეთი მუსიკალური თანამშრომლობა ვერ ხერხდება, თუმცა ჩემი საიუბილეო კონცერტი როცა იყო, მაისში, ყველა მეგობრულად ერთად ვიყავით. მე ამ ბიჭების მადლობელი ვარ.

მოგვიყევით ახალ ბენდზე.
ახალ ბენდში რამდენჯერმე შეიცვალა შემადგენლობა, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ფაქტორია იმისთვის, რომ სტაბილური და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა იყოს, რაც სიმართლე გითხრათ, რამდენიმე მუსიკოსთან ვერ შევძელი. გემოვნება ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია, შეიძლება, ძალიან კარგი მუსიკოსი იყოს, მაგრამ შენს ჯგუფში მისი სტილი მისაღები და მორგებული არ იყოს.
ბოლოს, ასე ჩამოვყალიბდით, დასარტყამ ინსტრუმენტებზე ავთო თაბუკაშვილი უკრავს, ბას გიტარაზე არის კოკა მამალაძე, ასევე, ბენდში გვყავს ორი მშვენიერი გოგონა, რეჯინა მეირაბოვა და სალომე გოცირიძე, ორივე კონსერვატორიის კურსდამთავრებულია.
უკვე რამდენი ნამუშევარი შექმენით ახალ ბენდთან ერთად?
ძალიან ბევრი სიმღერა გავაცოცხლეთ. იქნება ახალი სიმღერებიც.

როგორ შეაჯამებდით 2025 წელს, რამდენად დადებითი და პროდუქტიული იყო თქვენთვის?
ეს წელი იმ სიახლის წელი იყო, რაც უკვე მოგიყევით. ძალიან გახარებული ვარ და ახალი ენთუზიაზმით, ენერგიით ვაპირებ, რომ რაც შეიძლება პროდუქტიული და საინტერესო ვიყო ამ მუსიკოსებთან ერთად.
ვისაუბროთ პოპურზე, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
პოპურში 6-7 სიმღერაა. ეს უფრო ბალადებია, მომავალში უფრო დრაივიანი სიმღერებითაც ვგეგმავთ პოპურის გაკეთებას.
ზაზა ხუციშვილის ბენდი – პოპური
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ზაზა ხუციშვილი – წამი და დედამიწა (საახალწლო). Live
ზაზა ხუციშვილი. “პრემიერა თაკოსთან”