LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველთვის მინდოდა, გამეცოცხლებინა ეს სიმღერა და ახალი ვერსია შემექმნა… როგორც იქნა, ეს დღეც დადგა“ – თათია ქვრივიშვილი სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში“

296
თათია-ქვრივიშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ თათია ქვრივიშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „პირველი თოვლი“ პრემიერა შედგა.

თათია, მოგვიყევი შენს მუსიკალურ კარიერაზე.

იყო ძალიან ცნობილი მუსიკალური პროექტი „ნუცას სკოლა“, რომლის მონაწილე, ფინალისტიც ვიყავი და საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი გავატარე ამ პროექტში. შემდგომ, იყო „იმედის ტალღა“, „ახალი ხმა“ და იყო ძალიან ბევრი საერთაშორისო ფესტივალი, კონკურსი.

როგორც ჩანს, კონკურსები გიზიდავს…

კი. თუ რაიმე კონკურსი იყო საქართველოს მასშტაბით ან საზღვარგარეთ, ყოველთვის ვცდილობდი, რომ მონაწილეობა მიმეღო, რადგან ჩვენს ქვეყანაში ეს ძალიან ეხმარება მომღერალს თავის დამკვიდრებაში.

არ ღელავ კონკურსებზე?

რა თქმა უნდა, ვღელავ, უბრალოდ, შემიძლია, მობილიზებული ვიყო იმისთვის, რომ პირიქით, იმაზე უკეთ წარმოვაჩინო თავი, ვიდრე რეპეტიციაზე. საბედნიეროდ, ეს შემიძლია, კონკურსები ჩემია. პირობითად რომ დავყოთ, არიან საკონკურსო და არა საკონკურსო მომღერლები, მე, ალბათ, უფრო შემიძლია კონკურსებში მონაწილეობა.

განვლილი კონკურსებზე, შენი აზრით, ყველაზე კარგად რომელი სიმღერა შეასრულე, სად გრძნობდი თავს ყველაზე კომფორტულად?

ზოგადად, საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ ხოლმე, თან, მოგეხსენებათ, გახმოვანება შეიძლება, ისეთი არ იყოს, როგორიც რეალურად არის ხოლმე, თუმცა ჩემთვის წარმატებული აღმოჩნდა უიტნი ჰიუსტონის „I Wanna Dance with Somebody“. ეს სიმღერა „ვოისში“ ვიმღერე და ჩემთვის მართლა წარმატებული იყო, რადგან ჩემებური ვერსია შევქმენი და ძალიან სასიამოვნო იყო. ქართული სიმღერებიდან, ჩემთვის ასევე იღბლიანი აღმოჩნდა „დავალ საყვარელ ქუჩებში“, რადგან ეს იყო ჩემი პირველი სიმღერა, რომელიც სატელევიზიო ეთერში შევასრულე, 18 წლის ასაკში.

ვინ გირჩია პირველად კონკურსში მონაწილეობა თუ ეს შენი გადაწყვეტილება იყო?

ჩემმა მეორე თათიამ მითხრა, რადგან სამწუხაროდ, გარშემო მაინც აღმოჩნდებიან ხოლმე ისეთი ადამიანები, რომლებიც გეუბნებიან, რომ იცი რა, ამის გამო შეიძლება ვერ მოხვდე… აბსოლუტურად არაფერმა ხელი არ შემიშალა, იმდენად მობილიზებული ვიყავი და იმდენად მინდოდა.

რამე საახალწლო ტრადიცია თუ გაქვს, როგორ ემზადები ხოლმე ამ დღესასწაულისთვის?

ჩემთვის ყველაზე საყვარელი პერიოდი არის ახალი წელი და ამისთვის ნოემბრიდან ვემზადები ხოლმე. ნაძვისხეს რომ მოვრთავ და პირობითად, პირველ დეკემბერს დავდგამ სახლში, ძალიან მრცხვენია, მაგრამ 1-ელ აპრილამდეც მქონია და დედა მეჩხუბება ხოლმე ამასთან დაკავშირებით, სირცხვილია, აიღე ნაძვისხეო.

რაც შეეხება ახალი წლის სხვა ტრადიციებს, ძალიან მიყვარს 2 იანვარი, ბედობა და ამ დღეს ყოველთვის ჩემს მეგობრებთან ერთად ვატარებ.

უკვე დავიწყე საახალწლო საჩუქრებზე ზრუნვაც.

მეკვლეობის თუ გჯერა?

არა, ამას ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას. ერთადერთი, მინდა ხოლმე, რომ ძალიან კარგი განწყობა მქონდეს 1-ელ და 2 იანვარს. დანარჩენი, არავის ფეხზე არ ვარ დამოკიდებული, ამის არ მჯერა (იცინის).

მოგვიყევი სიმღერაზე „პირველი თოვლი“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს ძველი სიმღერის განახლებული ვერსიაა. სიმღერა ანსამბლ „ბერიკონის“ რეპერტუარიდანაა. მათი ვინილი გვქონდა ოჯახში, ხშირად ვუსმენდით ხოლმე და ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა იყო „პირველი თოვლი“. ყოველთვის მინდოდა, გამეცოცხლებინა ეს სიმღერა და ახალი ვერსია შემექმნა… როგორც იქნა, ეს დღეც დადგა. პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სიმღერის ავტორს, ნანა ბაბუაძეს და ტექსტის ავტორს, ავთანდილ წიკლაურს, რომ მომცეს უფლება, ეს სიმღერა შემესრულებინა. ასევე, ძალიან დიდი მადლობა გიორგი დათიაშვილს არანჟირებისთვის, სიმღერაც გიორგის სტუდიაში ჩაიწერა. 

ვაპირებ კლიპის გადაღებასაც, თოვლს ველოდები…

თათია ქვრივიშვილი – პირველი თოვლი

გადაცემის აუდიოჩანაწერი

თათია ქვრივიშვილი – მე საიდუმლოს შენახვაც ვიცი. Live

თათია ქვრივიშვილი. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები