ონლაინ-პლატფორმა Bring a Trailer-ზე იყიდება უნიკალური, ხუთკარიანი ოფროუდერ Lamborghini LM002. ავტომობილი, ბრუნეის სულთნის შეკვეთით, 1989 წელს სერიულ ოთხკარიან მოდელზე დაყრდნობით შექმნეს. შემდგომში მანქანა BMW-ს ყოფილ ხელმძღვანელს ბერნდ პიშეტსრიდერს ეკუთვნოდა. ამჟამად ოფროუდერი შვედეთშია და აუქციონის დასრულებამდე ერთ კვირით ადრე, მასში უკვე 220 ათას დოლარს იხდიან.
მანქანა თავდაპირველად 1986 წელს გამოჩნდა, როგორც ჩვეულებრივი Lamborghini LM002, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ სრულად გადააკეთეს. სულთნის დავალებით იტალიურმა ატელიე Autocostruzioni Salvatore Diomanto-მ ავტომობილი უნივერსალად აქცია – შექმნა ახალი უკანა ნაწილი და შესაბამისი ცვლილებები შეიტანა სალონში. ახალი მოპირკეთებისა და დამატებითი სავარძლების გარდა, ინტერიერში ტელევიზორიც დაამონტაჟეს. გადაკეთების შემდეგ მანქანა დაახლოებით ნახევარი ტონით დამძიმდა, თუმცა ძრავი უცვლელი დარჩა – ეს არის 5.2 ლიტრიანი, 450 ცხენისძალიანი V12 Lamborghini Countach.
როდესაც უნივერსალი პიშეტსრიდერს ეკუთვნოდა, მან ავტომობილს სანტ-აგატა-ბოლონიოზეში შესაბამისობის სერტიფიკატი გაუკეთა. შესაბამისად, ოფროუდერი ერთადერთ LM002-ად ითვლება, რომელიც თავად კომპანიამ აღიარა, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ რამდენიმე მსგავსი განახლება არსებობს. 2012 წელს მანქანა შვედეთში გადაიტანეს, სადაც, გარკვეული ცნობებით, მას მფლობელი შვილების სკოლაში გადასაყვანად იყენებდა. ახლა ეს რარიტეტი ერთ-ერთ შვედ დილერს ეკუთვნის.
2024 წლის ზაფხულში მოდელის გაყიდვა უკვე სცადეს, მაგრამ წარუმატებლად – მაშინ მისი გარბენი 10 383 კილომეტრი იყო. ახლა კი მაჩვენებელმა 11 ათასს მიაღწია.