კომპანია Porsche-მა 2025 წელს ჩინეთის ბაზარზე 41 938 ავტომობილი გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 26,28%-ით ნაკლებია. როგორც გამოცემა Cnevpost წერს, ეს უკვე მეოთხე წელია, როდესაც გერმანული პრემიუმ ბრენდის გაყიდვები ჩინეთში წლიდან წლამდე კლებულობს.
Porsche-ს პოზიციები ჩინეთის ბაზარზე 2000-იანი წლების დასაწყისიდან სტაბილურად ძლიერდებოდა და პიკს 2021 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანაში 95,7 ათასი ავტომობილი გაიყიდა. თუმცა ამის შემდეგ ვითარება მკვეთრად შეიცვალა. მაგალითად, 2024 წელს კომპანიამ უკვე 28,25%-იანი ვარდნა დააფიქსირა, ხოლო 2025-ში ნეგატიური ტენდენცია კიდევ უფრო გაღრმავდა.
კომპანიაში მთავარ მიზეზად ასახელებენ ადგილობრივი ბრენდების მხრიდან კონკურენციის მკვეთრ გამკაცრებას, განსაკუთრებით – ელექტრომობილების სეგმენტში. ჩინური მწარმოებლები აქტიურად ავითარებენ როგორც ტექნოლოგიურად მოწინავე, ისე ვიზუალურად მიმზიდველ პრემიუმ-მოდელებს, რომლებიც Porsche-ს ავტომობილებზე შესამჩნევად დაბალ ფასად იყიდება.
Porsche-ს განცხადებით, კომპანია გეგმავს მუშაობის გაგრძელებას ფასისა და ხარისხის ბალანსის ოპტიმიზაციის მიმართულებით, თუმცა პარალელურად იღებს სტრუქტურულ ზომებსაც. კერძოდ, ჩინეთში შემცირდება როგორც დილერების რაოდენობა, ისე ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი დასამუხტი სადგურების ქსელი, რომელიც ბრენდის საკუთრებაშია.