42 წლის ამერიკელმა ლიზა კატალანომ ქმრის პოვნა უჩვეულო გზით გადაწყვიტა – ბილბორდებსა და ტაქსებზე განთავსებული რეკლამების დახმარებით. ამის შესახებ გამოცემა New York Post წერს.
კატალანოს თქმით, მან მრავალი წელი გაატარა საყვარელ მამაკაცთან ერთად, თუმცა მისი მეორე ნახევარი განუკურნებელი დაავადებით გარდაიცვალა. მძიმე დანაკარგის შემდეგ ქალმა სიყვარულის პოვნა გაცნობის აპლიკაციებში სცადა, თუმცა მალევე იმედგაცრუებული დარჩა. სწორედ მაშინ გაუჩნდა იდეა – შეექმნა სპეციალური ვებგვერდი მომავალი მეუღლის მოსაძებნად.
მან შექმნა საიტი marrylisa.com და მის შესახებ ინფორმაცია ბილბორდებზე განათავსა. კამპანია სახელწოდებით „Marry Me“ („დაქორწინდი ჩემზე“) 2025 წლის შემოდგომაზე დაიწყო. მას შემდეგ ქალმა ოთხი ათასზე მეტი განაცხადი მიიღო იმ მამაკაცებისგან, რომლებიც მზად არიან მისი მეუღლის სტატუსისთვის იბრძოლონ.

კატალანო ანკეტებს პირადად ამუშავებს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალი მეუღლე ცხოვრობდეს კალიფორნიაში და იყოს 35-დან 47 წლამდე ასაკის. ამ კრიტერიუმებით 4 000 განაცხადიდან მხოლოდ 50 დარჩა. საბოლოოდ მან 20 კანდიდატი შეარჩია და ხუთ მათგანს უკვე შეხვდა კიდეც.
„ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთდროულად ყველაზე სტრესული და ყველაზე ჯადოსნური პერიოდი,“ – აღიარა კატალანომ. თუმცა იდეალური კანდიდატი ჯერ ვერ იპოვა. მისი თქმით, ძიება გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ კამპანია საკმაოდ ძვირი უჯდება.