Bentley-მა წარმოებაში დასაქმებული თანამშრომლებისთვის ახალი უნიფორმა შეიმუშავა, რომელიც განსაკუთრებით ელექტრომობილების აწყობაზეა გათვლილი.
მისი მთავარი თავისებურება ნახშირბოჭკოს გამოყენებაა, თუმცა არა ვიზუალური ეფექტისთვის, არამედ პრაქტიკული მიზნებისთვის.
ნახშირბოჭკო ხელს უწყობს სტატიკური ელექტრობის განეიტრალებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტრომობილების წარმოების პროცესში. სტატიკურმა მუხტმა შეიძლება დააზიანოს ავტომობილის რთული ელექტრონული სისტემები, ამიტომ ახალი ფორმა დამატებით დაცვას უზრუნველყოფს.

გარეგნულად უნიფორმა ჩვეულებრივ სამუშაო ტანსაცმელს ჰგავს – კომპანია მას სხვადასხვა ფერში აწარმოებს. გამოყენების ვადის ამოწურვის შემდეგ კი მისი სრულად გადამუშავებაა შესაძლებელი, რაც ეკოლოგიურ მიდგომასაც უსვამს ხაზს.
ეს სიახლე Bentley-ის მზადების ნაწილია პირველი ელექტრომობილის გამოსაშვებად. ბრენდის პირველი ელექტრო მოდელი იქნება კროსოვერი Bentley Barnato, რომლის პრემიერაც, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს შედგება.