მომღერალ მამუკა ონაშვილის და, მაიკო ონაშვილი, „სარკესთან“ ორად გაყოფილ ცხოვრებაზე ჰყვება – როცა ძმა ედგა გვერდით დიდი კეთილი გულით და როცა ის დაკარგა. 2022 წლის პირველი აგვისტოდან მისთვის სხვა, ტკივილით სავსე ცხოვრება დაიწყო. მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში მძიმე ავარიას ემსხვერპლა. მას შემდეგ მომღერლის უფროსი დისთვის ყოველი დღე მონატრებითაა სავსე, ყოველი მნიშვნელოვანი თარიღი კი დანაკარგის მტკივნეული შეხსენებაა.
_ ქალბატონო მაიკო, თქვენ და მამუკას არაჩვეულებრივი დაძმობა გქონდათ. ასეთი ურთიერთობა კი, როგორც წესი, ოჯახიდან მოდის, სადაც ბავშვები სიყვარულს და სითბოს სწავლობენ. მოგვიყევით თქვენი ბავშვობის ხანაზე.
_ ჩემი და მამუკას ურთიერთობა ბავშვობიდანვე არაჩვეულებრივი იყო. მასზე 3 წლით უფროსი ვარ. ჩვენ სულ ერთად ვიყავით. მამაჩემიც და დედაჩემიც დედისერთები იყვნენ, ამიტომ არც დეიდაშვილი გვყავდა, არც მამიდაშვილი და არც ბიძაშვილი. ჩვენს მშობლებს და ჩვენს ბებია-პაპას მხოლოდ ჩვენ ვყავდით. მთელი სიყვარული და სითბო მთლიანად ჩვენ მოგვცეს. სითბოსა და სიყვარულში გავიზარდეთ. ჩვენს ოჯახში სიმკაცრე არ არსებობდა. არ ვიცოდი, დასჯა რა იყო. მშობლებს არასდროს დავუსჯივართ არც მე და არც მამუკა.
მამუკა ჩემ მიმართ ბავშვობიდანვე ძალიან შეყვარებული ძმა იყო. ერთი კანფეტი რომ ჰქონოდა, იმასაც მე მომცემდა. ასეთი ურთიერთობა და ასეთი სიყვარული ბოლომდე გამოგვყვა. მისი გრძნობა ჩემ მიმართ ხანდახან ეგოისტურ სიყვარულშიც კი გადადიოდა. სულ ჩემი სახელი ეკერა პირზე. ერთხელ ვუთხარი, თავი დამანებე, სახელი უნდა გადავირქვა-მეთქი.
_ მამუკას ბედნიერი ქორწინება ჰქონდა, მაგრამ ოჯახი დაენგრა. ეს რატომ მოხდა?
_ 14 წელი ერთად იყვნენ ის და მისი მეუღლე, ირინე ჩიხლაძე, მაგრამ ბოლოს გაშორდნენ. გაშორება ისეთი საკითხია, რომ ვერ ვისაუბრებ. მხოლოდ ერთს ვიტყვი, მამუკას მეუღლე ძალიან უყვარდა, გაშორებას ძალიან განიცდიდა.
_ ვიცი, ეს თქვენთვის მძიმე გასახსენებელია, ამიტომ წინასწარ გიხდით ბოდიშს. იმ ავბედით დღეს როგორ შეიტყვეთ ეს თავზარდამცემი ამბავი?
_ იმ დღეს ვიყავი აგარაკზე, რომელზეც მეც და მამუკას მზე და მთვარე ამოგვდიოდა და სადაც სიბერეში ვაპირებდით ცხოვრებას. მამუკა შაყირობდა, სიბერეში აქ გადმოვალთო. ღამით მოხდა ის უბედურება, მე დილით გავიგე.
დღის პირველი საათი იქნებოდა, როცა აგარაკზე მისმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ კართან იყო მოსული. გავედი და გაკვირვებულმა ვკითხე, აქ რა გინდა-მეთქი. მაშინვე გულში რაღაცამ ავად გამკრა, მაგრამ რას წარმოვიდგენდი ასეთ უბედურებას! მითხრა, არ ინერვიულო, მამუკა ავარიაში მოყვა, მაგრამ ცოცხალიაო. მანუგეშა, რომ გადარჩებოდა, მაგრამ საავადმყოფოში რომ მივედი, მივხვდი, ცუდი მდგომარეობა იყო. ეტყობა, იმ პერიოდში სიკვდილს ებრძოდა. დილით კი, პირველ აგვისტოს, გარდაიცვალა.
_ როგორ მოხდა ის ავარია?
_ რესტორნიდან 30 მეტრში მოხდა ავარია. მამუკა ნასვამი იყო და თავის მეგობარს, მიშას, სთხოვა, საჭესთან დაჯდარიყო. ის ვიღაც მთვრალი და აწყვეტილი მოდიოდა. ის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც მერე გავიგეთ, ჩამორთმეული ჰქონდა მართვის მოწმობა. რამდენჯერმე სწორედ ასეთი შემთხვევების გამო იყო დაჭერილი, მაგრამ, სამწუხაროდ, იმავეს აგრძელებდა. მამუკა საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, გონზე იყო, ლაპარაკობდა კიდეც, მიშა კი უგონოდ იყო. ისეთი დამტვრეული იყო, ექიმებმა ხელმეორედ ააწყვეს. ისეთი მოწესრიგებული ადამიანია, რომ სხვისი მანქანის საჭესთან არასდროს ჯდებოდა, მხოლოდ იმ საბედისწერო დღეს აღმოჩნდა ასე.
მიშას სიგიჟემდე უყვარდა მამუკა. არ არსებობს კვირადღე, არ დამირეკოს, მამუკას საფლავზე წავიდეთო. მამუკა მისი შვილის ნათლია იყო… ჩემი ძმისთვის ეს იყო საბედისწერო დღე. ადამიანები ამქვეყნიდან გავდივართ იმ დღეს, როცა გასვლა გვიწერია. იცით, რითი ვიმშვიდებ თავს? როცა ამქვეყნიდან გავალ, მამუკა იქ დამხვდება და იქ ვნახავ. 55 წლის იყო…
