LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმღერები ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულია, აბსოლუტურად სხვადასხვა სტილი, სხვადასხვა მიმართულებაა“ – დავით შანიძის, ლაშა ღლონტის და ზვიად ბოლქვაძის ახალი პროექტი – „ნუშის ფანტელი“

141
ლაშა-ღლონტი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ლაშა ღლონტი და დავით შანიძე სტუმრობდნენ, რომლებმაც 28 მაისს დაგეგმილ კონცერტზე, ალბომზე „ნუშის ფანტელი“ ისაუბრეს და მსმენელს ახალი სიმღერები წარუდგინეს.

ლაშა, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

ლაშა: ძირითადად, „ალილოსთან“ ერთად ვარ, ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე გვაქვს.

ვისაუბროთ სიმღერაზე, „ისევ მოვლენ ფანტელები“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ლაშა: ახალი სიმღერა არ არის, ძველია, უბრალოდ, მთელი ბავშვობა და მთელი ახალგაზრდობა მიყვარდა. ბევრჯერ ვთქვი, სევდიან სიმღერებს აღარ ჩავწერ-მეთქი, ძალიან ბევრი დამიგროვდა, მაგრამ იმდენად მიყვარდა ეს სიმღერა…

ამ სიმღერას, ადრე, ნუკრი კაპანაძე ასრულებდა არაჩვეულებრივად და მე ვფიქრობ, რომ ნუკრიზე მაგრად ამ სიმღერას ვერავინ მღერის.

ნუკრის დავურეკე და ვთხოვე, ისე მიყვარს ეს სიმღერა, ჩემს ვერსიას გავაკეთებ-მეთქი, ნუკრიმ, რაზეა საუბარიო და მას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ამისთვის. ტექსტიც და მუსიკაც ლიკა ჩაჩხიანისაა. იმდენად კარგი სიმღერაა, იმდენად ლამაზია, იმდენად სევდიანია… დიდი მადლობა რომა გიორგაძეს, რომელმაც არაჩვეულებრივი არანჟირება გააკეთა.

ძალიან დიდი ხანი მომწონდა ეს სიმღერა, ორადორ სიმღერას ვეტრფოდი, ერთი იყო – „შენ რომ დიდი იქნები“ მამუკა ჩარკვიანის და მეორე, ეს სიმღერა.

ბევრი ასრულებს სევდიან სიმღერებს, მაგრამ სევდა ასე ემოციურად მომღერალმა, მუსიკოსმა გადმოსცეს ძალიან იშვიათობა გახდა დღევანდელ ცხოვრებაში, როგორ ფიქრობ, რატომ, რა არის მიზეზი?

ლაშა: ის ემოციები აღარ არის, საზოგადოება ძალიან მარტივ რაღაცებზე გადავიდა, მე არავითარ შემთხვევაში არ ვამბობ, რომ ეს მარტივი ცუდია, უბრალოდ, რომანებსაც აღარ კითხულობს ხალხი… ისე აჩქარდა სამყარო, რომ ამ სევდისთვის და დარდისთვის აღარ სცალია საზოგადოებას. იმ სევდას თავისი სილამაზე ახლავს, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ, დაიკარგა ემოციურობა.

დავით შანიძე, ლაშა ღლონტი, ზვიად ბოლქვაძე და ტრიო „სამანი“ თქვენს პირველ ერთობლივ პროექტზე მუშაობთ, ვის ეკუთვნის აღნიშნული პროექტის იდეა?

ლაშა: ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო, როდესაც დავით შანი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ რაღაც ერთობლივი პროექტი გავაკეთოთო. სიმღერების შერჩევაზე რომ გადავედით, აღმოჩნდა, რომ გადასარევ სიმღერებს წერს თვითონ. არაჩვეულებრივი ტექსტები, არაჩვეულებრივი მელოდები აქვს. გადაწყდა, რომ დავითის სიმღერების პრეზენტაცია გაგვეკეთებინა და უფრო საავტორო სიმღერების მიმართულებით წავედით, თუმცა არის რამდენიმე ცნობილი სიმღერის ახალი ვერსიაც, ამოყირავებული ვერსია, რაც ძალიან საინტერესოა.

დათო არის ადამიანი, რომელიც უნდა მიუშვა და თავისი საქმე აკეთებინო, ამიტომ მე აქ ნაკლებად ჩავერიე. მერე, იქიდან ზვიად ბოლქვაძემ წამოყო თავი, თავისი არანორმალური მიდგომებით. მოკლედ, ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ამ დიდ ხელოვანებთან ერთად მუშაობა მხვდა წილად.

დიდი მადლობა დათოს, რომ ახალგაზრდა ბიჭებს მისცა შანსი, დიდ სცენაზე გამოსულიყვნენ მათთან ერთად. ძალიან ვნერვიულობთ, ძალიან განვიცდით, რადგან „რუსთაველის თეატრი“ ეს არ არის სახუმარო საქმე, ეს ძალიან სერიოზულია.

28 მაისს გელოდებით ყველას „რუსთაველის თეატრში“. ბილეთები ჯერ კიდევ იყიდება biletebi.ge-ზე. 

დავითი: ალბომის და კონცერტის სახელწოდება „ნუშის ფანტელია“. რაღაცებს სულ ვწერდი, მაგრამ ამ ჟანრში ეს პირველი სიმღერა იყო. თან, მახსოვს ლაშამაც მოისმინა ეს ტელევიზორში და დამირეკა, კომპლიმენტები გამოხატა. ამხელა სითბო და მოწონება ვიგრძენი მეგობრისგან და ასე შევყევით ამ ლაპარაკში და როგორც თავად აღნიშნა, ვუთხარი, მოდი, რაღაც ერთობლივი გავაკეთოთ-მეთქი, თვითონაც გამოხატა, სავარაუდოდ, კარგად უნდა მოერგოს ჩვენი ხმებიო. შემდეგ, კიდევ დავწერე სიმღერები. რაღაც სიმღერები რომ ვიმღერე სადღაც-სადღაც, 2 მილიონი ნახვა რომ ჰქონდა, ეტყობა, ვიღაცა გაღიზიანდა და ვიფიქრე, ამ ხალხს სიმღერებზე, უფლებებზე სად ვეხვეწო-მეთქი და ავდექი და დავწერე, ჩემი ალბომი. მადლობა იმ ხალხს ამისთვისაც.

ლაშა: სიმღერები ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულია, აბსოლუტურად სხვადასხვა სტილი, სხვადასხვა მიმართულებაა.

კონცერტი თეატრალიზებული იქნება? ლაშა, პირადად შენი რეპერტუარიდანაც შესრულდება სიმღერები თუ მხოლოდ აღნიშნული ალბომიდან?

ლაშა: კონცერტი იქნება თავისუფალი, თავისუფალი მოძრაობები, თავისუფალი საუბრები… ამ ალბომის გარშემო ვიტრიალებთ.

დავითი: ამასობაში კიდევ სამი სიმღერა დავწერე, რომელიც ალბომში არ არის, მაგრამ კონცერტზე იქნება, მათ შორის, ერთი პატრიარქს მივუძღვენი.

სცენაზე ისხდება ორკესტრი, სადღაც 30 კაცამდე. შიგადაშიგ, რამდენიმე ნაწარმოებში მონაწილეობას იღებს ტრიო „სამანი“ და შერეული კაპელა, თორნიკე არჩვაძის ხელმძღვანელობით. სცენაზე რაც ხდება სულ, ეს არის ორკესტრი, ბენდი და მე და ლაშა, ძირითადად, სულ სცენაზე ვართ.

მოგვიყევით სიმღერაზე „ალბათ“.

დავითი: ლექსი, ალბათ, ესე 10 წლის წინ მქონდა ჩემთვის… პოეტობაზე პრეტენზია არ მაქვს… ძალიან მინდოდა, რომ ამ ლექსზე სიმღერა დამეწერა და ისე მოხდა, რომ 10 წლის შემდეგ დაიწერა.

რას გვეტყვით სიმღერაზე „ჩემი სახლიდან“

ლაშა: ეს როგორი სიმღერაა იცით, მანქანაში რომ უნდა ჩართო, ამერიკაში ძალიან დიდ ტრასაზე რომ მიდიხარ, მინდორი, გვირილები რომ არის გარშემო…

ძველი სიმღერაა, რომელიც დათოს ინტერპრეტაციითაა. ასევე, აღსანიშნავია ზვიად ბოლქვაძის არაჩვეულებრივი არანჟირება.

დავითი: ზვიადმა ძალიან დიდი საქმე გაგვიკეთა არანჟირების კუთხით, ჩემს სამყაროში, ამ მუსიკაში კიდევ ახალი სამყარო, ოღონდ ძალიან მშობლიური და ახლობელი სამყარო შექმნა.

საუნდ ინჟინერი არის დათო უგრეხელიძე, მის სტუდიაში ჩაიწერა ალბომი.

გვითხარით სიმღერაზე „ჰერიო ბიჭებო“.

დავითი: ეს ყანჩელის ცნობილი სიმღერაა.

ლაშა: „ჰერიო ბიჭებოს“ დათო რომ მღერის, არის საოცრება, შემიძლია, გითხრათ.

მოგვიყევით სიმღერაზე „იმანო“.

ლაშა: „იმანო“ – სახელი ერთად მოვიფიქრეთ. ორივე გურულები ვართ და ეს სიმღერა გურულების ამბავია. იწყება აკაპელით და შემდეგ, შედის ზვიად ბოლქვაძე არანორმალურად.

ვისაუბროთ სიმღერაზე „ბიჭობა“, რომლის პრემიერაც ასევე დღეს შედგება.

დავითი: ჩემთვის ბიჭობა დღეს ცოტა დეფიციტურია, შეიძლება ვიღაცისთვის არ არის და კი ბატონო. სიმღერა არის ბიჭობაზე, ურთიერთობებზე, კაცობაზე, კაცი რა არის ჩვენთვის, ღირებულებებზე, რაც ჩვენს თაობას, ჩვენს წინა თაობას მოჰყვება. ცოტა, სახუმაროდაც მაქვს თითქოს, მაგრამ სათქმელი ნათქვამია. 

როგორია სიმღერის „ნუშის ფანტელი“ ისტორია?

ლაშა: „ნუშის ფანტელი“ ეს არის პროექტის სახელი, პირველი სიმღერა, სიმღერა, რომლის გამოც მე დავურეკე დათოს და კომპლიმენტი ვუთხარი. საოცარი ტექსტი, საოცარი სიმღერა, საოცარი მელოდიაა და მე ვთვლი, რომ ეს არის კლასიკა და დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში ეს ნაწარმოები დარჩება, როგორც კლასიკური ნაწარმოები. ჩემთვის უსაყვარლესი, ყველაზე საყვარელი სიმღერაა „ნუშის ფანტელი“. თუ ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა, მე ვთვლი, რომ ამ სიმღერაში ყველა თავის ადგილას მოხვდა, ტექსტი, მუსიკა, მომღერალი, ორკესტრი, შესრულება.

რას გვეტყვით სიმღერაზე „ტირიფები“?

ლაშა: ტირიფების ვერსია არის ძალიან ორიგინალური, საოცარი არანჟირებითაა და აბსოლუტურად სხვაა.

მოგვიყევით სიმღერაზე „შემოდგომა“.

ლაშა: შემოდგომა ბატონი დავითის საავტორო სიმღერაა, ტექსტიც მისია და მუსიკაც.

გვითხარით ზემოთ აღნიშნულ სამ ახალ სიმღერაზე, რომელიც ალბომში არ შედის, მაგრამ კონცერტზე გაჟღერდება.

დავითი: ისინი უფრო მეტად თანამედროვე ჟანრშია, კლასიკა ნაკლებად არის.

ერთი უფრო კელტური, ბალადური ტიპის სიმღერაა.

„ალილუია“ პატრიარქის დაკრძალვის დღეს დავწერე. სახლში რომ მოვედი, საერთოდ, სად უნდა წავსულიყავი და რა უნდა მექნა, არ ვიცოდი, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი. ძალიან მომინდა ამ „ალილუიას“ დაწერა და გიტარა რომ ავიღე, თავისით დაიწერა. ძალიან სადა ნაწარმოებია.

იმ ორი ბალადიდან ერთი უფრო ფერებიანია, მეორე ცოტა უფრო დამძიმებული ტიპის, რეალურად, ორივე სასიყვარულოა, მაგრამ სხვადასხვა ტიპის.

გვითხარით ნამუშევარზე „თბილისო“.

დავითი: ესეც ძლიერი ნაწარმოებია, ყოველი შემთხვევისთვის, მე ასე ვთვლი.

ვისაუბროთ სიმღერაზე „სამშობლო“.

ლაშა: ჩვენ ქართველები ვართ და რაც არ უნდა ჯაზი ვიმღეროთ, რაღაცები ვაკეთოთ, მაინც ბოლოს, სამშობლო უპირატესია. ეს არაჩვეულებრივი სიმღერა, თავისი ტექსტით დათოს გაკეთებულია. ამ სიმღერით სრულდება ჩვენი საღამო.

დავითი: ჰიმნური სიმღერაა.

ლაშა ღლონტი – ისევ მოვლენ ფანტელები

ნუშის ფანტელი

ალბათ

ალუბლის ხე

ბიჭობა

ჩემი სახლიდან

ჰერიო ბიჭებო

იმანო

ლაზური

შემოდგომა

თბილისო

ტირიფები

სამშობლო

გადაცემის აუდიოჩანაწერი

დავით შანიძე & ლაშა ღლონტი. ალბომის პრეზენტაცია. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები