ტელეჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე 84 წლის ასაკში საკუთარ ცხოვრებას რომ აჯამებს, ერთ მთავარ შეცდომას ხედავს და ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება.
ნუგზარ რუხაძე:
არ მრცხვენია იმის თქმა, რომ აღმოვჩნდი იღბლიანი ადამიანი, მაგრამ ძალიან გონიერი – ვერა.
– კონკრეტულად, რაში ვერ აღმოჩნდით გონიერი?
– ახლავე მოგახსენებთ. პირველი ის, რომ დროის მოხმარების უნარი, დროისა და იმის შეგრძნება, რომ დრო გადის და არ ბრუნდება, შევიძინე ძალიან გვიან – 50-55 წლის ასაკში. ამდენი ხანი იმიტომ დამჭირდა, რომ მოკარნახე არავინ იყო, შენით უნდა მიმხვდარიყავი ამას. თან, მაშინ არც ხელოვნური ინტელექტი იყო, რომ გეკითხა. მაშინ ერთადერთი ინტელექტი იყო, თუ ვინმე გონიერი იქნებოდა შენ ირგვლივ და რომ გითხრათ, გამოტენილი იყო ჭკვიანი ხალხით ჩემი გარემო-მეთქი, ამასაც ვერ დავიტრაბახებ. ეს ერთი, რომ არ ვიცოდი დროის ფასი. და, მეორე – მე ჩემი ენერგია, ნიჭი და უნარი, რომელიც ღმერთმა მომცა, უფრო რაციონალურად რომ გამომეყენებინა და არ მეკარგა დრო, დღეს სხვა პარამეტრის კაცი ვიქნებოდი. შეიძლება, ვყოფილიყავი, საკმაოდ სერიოზული მეცნიერი, რადგან ყოველთვის მქონდა კვლევის უნარი. ან ძალიან ბევრი წიგნი მექნებოდა თარგმნილი, იმაზე მეტი, რაც მაქვს. მე რომ არ მენგრია ოჯახები მიზეზთა გამო, შემეკავებინა თავი, მომეთმინა და მეცხოვრა უფრო გაწონასწორებული ცხოვრებით, არ ავყვებოდი და ამდენ დროს არ დავკარგავდი ოჯახების ნგრევასა და შენებაში. ამდენი ფული არ დაიხარჯებოდა, რაც მას გადაჰყვა და საკმაოდ დიდი ქონება გადაჰყვა ოჯახების ნგრევას. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ვიქნებოდი უფრო წინ. ყველაზე სწორია, როცა ოჯახს ქმნი, იმდენად უნდა გინდოდეს ის ადამიანი, ვისთანაც მშენებლობაზე მიდიხარ, იმდენად უნდა მოგწონდეს ფიზიკურად, რომ თვალი არსად გააპარო. მე ამ სიტყვებით რაიმე გენიალურს არ ვამბობ, ეს ბანალურია. როცა ცოლი გიზიდავს ფიზიკურად, მიჯაჭვული ხარ მის ინტელექტზე, გარეგნობაზე, ხასიათზე, აფასებ მასთან მეგობრობას და ფიქრობ, მასთან ერთად გამართლებულია ისეთი გარემოს შექმნა, რომელში ცხოვრებაც ღირს, აი, მაშინ აღარ გჭირდება ნგრევა, მაშინ გინდა გყავდეს ბავშვები, რომლებიც გაიზრდებიან სიყვარულსა და სიკეთეში და მაშინ იქნები დალაგებული. მე ყოველთვის მეგონა, სწორად ვიქცეოდი და ბოლოს გამოდიოდა, რომ რაღაც მეშლებოდა და ვის ეშლება? ვის და შტერს, რადგან ჭკვიან კაცს არ ეშლება. ჭკვიანი კაცი სწორად ალაგებს და კარგი ოჯახის შექმნით ირგვლივ ქმნის ისეთ ენერგიას, რომელიც უკეთ მოქმედებს სხვა ადამიანებზე. ანუ, შენი ბედნიერი ოჯახით სხვა ადამიანებსაც აბედნიერებ.
– ახლა რომ იმ წლებში დაგაბრუნათ?
– ახლა რომ უკან დავბრუნდე და ვიყო 22-23 წლის, ორიენტაციას გავაკეთებდი ღრმა, გულწრფელ, თავგანწირულ სიყვარულზე, აუცილებლად გავითვალისწინებდი ქალის გარეგნობის ყველა დეტალს, რომ მიმზიდველობა არასოდეს გამომლეოდა მის მიმართ. ნებისმიერ ასაკში რომ გრჩება შენი ცოლი მომხიბლავი, ეს გადასარევია და სულ სხვანირად ავაწყობდი ცხოვრებას. რაც ვარ, ის კი არ ვიქნებოდი? ახლა ვიქნებოდი ზომით, წონით, კალიბრით, სიგრძით, სიგანით, სინჯით, ხარისხით – ყველაფრით უფრო მაგარი და უკეთესი კაცი.
