გადაუღებელი წვიმა დასავლეთ ევროპას სულ უფრო მეტ პრობლემას უქმნის. საფრანგეთში ქალაქი ნემური და პარიზის სამხრეთ ნაწილი ყველაზე მეტად დაზარალდა.
წყალდიდობების შედეგად სულ მცირე 3 ათასი ადამიანია ევაკუირებული, მათი უმეტესობა ნავებით გაიყვანეს. სამაშველო ოპერაციებში ჩართულია 50 აკვალანგისტი, 25 კატერი და 6 ვერტმფრენი. მდინარეების დონემ კატასტროფულად აიწია.
საფრანგეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, სულ მცირე 2 ადამიანია გარდაცვლილი, ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
საფრანგეთის დედაქალაქში დაკეტეს ლუვრიც, ადმინისტრაცია ყველა ზომას მიმართავს, რომ ნამუშევრები არ დაზიანდეს. ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა, მდინარე სენას დონემ ნორმაზე 6 მეტრით მოიმატა.
წვიმამ მძიმე შედეგები მოიტანა გერმანიაშიც, ბავარიაში ჭარბი ნალექის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.