ვარკეთილში, მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბიჭმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელ გარემოში, ძალის გამოყენებით მობილური ტელეფონი წაართვეს.
პოლიციამ ძარცვის ბრალდებით 6 ადამიანი დააკავა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ვარკეთილის მე-3 მასივში, 2003 წელს დაბადებულ გ.ყ.-ს მეგობრების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელ გარემოებაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მობილური ტელეფონი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა.
მომხდარიდან მეორე დღეს, ამავე ფაქტზე პოლიციამ 1999 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი გ.მ.-ც დააკავა, რომელსაც, ძარცვასთან ერთად, ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ნაგანის ტიპის რევოლვერი და საბრძოლო ვაზნები”, – ამბობენ შსს-ში.
დანარჩენ ხუთ დაკავებულს შორის ორი არასრულწლოვანია, სამი კი სრულწლოვანი. მოსამართლის განჩინებით, დაკავებულები არიან: 1999 წელს დაბადებული გ.შ., 2002 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი გ.ბ., 1998 წელს დაბადებული გ.გ., 2002 წელს დაბადებული გ.მ. და 1998 წელს დაბადებული, წარსულში ძალადობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი გ.წ.
დაკავებული 5 პირისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. როგორც უკვე მოსიმინეთ, სულ საქმეზე დაკავებულია 6 პირი, თუმცა ერთ-ერთ მათგანს, რომელიც სრულწლოვანია, სხვა საქმეზე აღკვეთი ღონისძიება უკვე შეფარდებული აქვს.
გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებულთა ნაწილი არასრულწლოვანია, სასამართლოს სხდომა დახურული იქნება.