“ძალიან საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ საქმის გამოძიებაში ფედერალური ბიუროს ჩართვა არ უნდათ”- ამის შესახებ “ფორტუნას” თამარ ბაჩალიაშვილის დედამ განუცხადა. თეონა თამაზაშვილს ეჭვები შს მინისტრის დღევანდელმა განცხადებამ გაუჩინა.
ბაჩალიაშვილის საქმეზე ღიად ვერ ვისაუბრებ, ვფიქრობ, გამოძიება მალე დასრულდება: ვახტანგ გომელაური
თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ გენერალური პროკურორის დაპირება და შს მინისტრის პოზიცია ერთმანეთს არ ემთხვევა.
მისივე თქმით, გამოძიება ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია დაადასტუროს.
“სპეციალურად აჭიანურებენ დროს, რომ ექსპერტიზის დასკვნა მოვიდეს და თქვან, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. ძალიან საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ გამოძიებაში ფედერალური ბიუროს ჩართვა არ უნდათ, ყოველ შემთხვევაში გომელაურის დღევანდელი განცხადებიდან ასე ჩანს. ურთიერთგამომრიცხავია შოთაძისა და გომელაურის დაპირება და განცხადებაც. ირაკლი შოთაძემ გვითხრა, რომ მოთხოვნა უკვე გაგზავნილია. შს სამინისტროში საკითხს დღეს გავარკვევ და ამის შემდეგ, წავალ ისევ შოთაძესთან” – აცხადებს ბაჩალიაშვილის დედა.
თეონა თამაზაშვილმა ასევე, ისაუბრა თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, დეა კაპანაძის საკითხზე და განმარტა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კაპანაძესთან არანაირი კონტაქტი არ ქონიათ.
გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის ოჯახის წევრები და ადვიკატი დღეს შს სამინისტროში შეხვედრას გამართავენ. ბაჩალიაშვილის დედის ინფორმაციით, უწყებაში მათ თამარის კომპიუტერიდან ამოღებული მასალები უნდა გააცნონ.