საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე მიღებული გადაწყვეტილება ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში არაფერს შეცვლის. მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის ამოსავალი წერტილი მოქალაქეები და მათი არჩევანია, რომელიც 31 ოქტომბერს გაკეთდა.
პაპუაშვილის ფიქრობს, რომ ოპოზიცია ცდილობს ხმაური შექმნას და ის წარმოაჩინოს, როგორც მოქალაქეთა ნება.
„სასამართლოს გადასაწყვეტია, ჩანიშნულია სასამართლო ამ დღეებში, იქ იქნება მსჯელობა და ვნახავთ რა იქნება ამის შედეგი. ჩვენთვის არაფრის შემცვლელი არ იქნება, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ჩვენი მოქალაქეები და მათი არჩევანი, რომელიც 31 ოქტომბერს გაკეთდა და არავის დედამიწის ზურგზე არ ეპარება ეჭვი ამ არჩევანის შედეგებში, ერთადერთია ეს არის ვიწრო წრე ჩვენი ოპონენტებისა, რომლებიც ცდილობენ, რომ ხმაური გამოიწვიონ და ეს ხმაური წარმოაჩინონ, როგორც ჩვენი მოქალაქეების ნება.
სინამდვილეში ჩვენ, ყველა ვხედავთ, როგორც ჩვენი საზოგადოება, ისე უცხოელი პარტნიორები, რომ მათ დესტრუქციულ ბოიკოტს არავინ უჭერს მხარს და ყველა მოუწოდებს ითანამშრომლონ პარლამენტში,”- განაცხადა პაპუაშვილმა.