ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს – გიორგი ბიჩინაშვილისა და დიმიტრი დევდარიანის ბრალი წარედგინათ.
დაკავებულებს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით ჩადენილი ქმედება ედებათ, რაც დამამცირებელი მოპყრობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
ერთ-ერთი ბრალდებულის, დიმიტრი დევდარიანის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის განცხადებით, დევდარიანი საგამოძიებო უწყებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ წვევამდელებთან დამამცირებელ მოპყრობაში არც მონაწილეობა აქვს მიღებული და არც ასეთი ფაქტის შესახებ იყო მისთვის ცნობილი.
ადვოკატის ცნობით, ბრალდებული ამჟამად დუმილის უფლებას იყენებს. როგორც დევდარიანის უფლებების დამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო უწყებას ასევე ამოღებული აქვს დიმიტრი დევდარიანის მობილური ტელეფონი, რომლის დათვალიერების შედეგადაც, როგორც ეს ადვოკატმა თქვა, არანაირი პირადი ცხოვრების ამსახველი, ან შეურაცხმყოფელი ინფორმაცია მობილურში არ ყოფილა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით წარედგინა. მისი პოზიცია ამ დროისთვის არის, რომ ის გამოიყენებს დუმილის უფლებას, მოგვიანებით კი აუცილებლად გააკეთებს განცხადებას იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელზეც ბრალი წარედგინა. გამოკითხვის ოქმში კი, ინფორმაცია ორჯერ აქვს მიცემული, სადაც დეტალურად საუბრობს მისთვის ცნობილი ფაქტების თაობაზე, ის გამოძიებასთან თანამშრომლობს.
სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ბრალად შერაცხული ქმედებების თაობაზე, მას მიწოდებული აქვს ინფორმაცია, რომ არც მონაწილეობა არ აქვს მიღებული და არც ასეთის თაობაზე იყო მისთვის ცნობილი. ბრალის დადგენილებას თან ერთვის მითითება, რომ აღნიშნული საქმის ფარგლებში გამოკითხული არიან მოწმეები, ასევე ამოღებულია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მობილური ტელეფონი, რომლის დათვალიერებაც მოხდა და არანაირი პირადი ცხოვრების ამსახველი, ან შეურაცხმყოფელი ინფორმაცია მოთავსებული არ ყოფილა“. – განაცხადა დავით ჭიკაიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა.
შსს-ს თანამშრომლებმა სავალდებულო სამსახურში მყოფ ჯარისკაცებს ტუალეტის იატაკები ახეხინეს