ოპოზიციის მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი გორის ჰოსპიტალში გადაყვანის წინადადებაზე ისაუბრა. მან ასევე შეაფასა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებაც შეაფასა და თქვა, რომ ის ფარისევლობს.
„რატი ბრეგაძე, აღარ ვიტყვი რას ვფიქრობ მასზე, მაინც ფარისევლობს იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ მოტყუებით და ძალით გადაყვანილი სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის საავადმყოფოში და ახლა ამბობს, რომ ეს არის შეთავაზება.
აქამდე მათ შეთავაზება არ გაუკეთებიათ, ასე მოტყუებით, დამცირებით და თავდასხმებით გადაიყვანეს სააკაშვილი, – აღნიშნა გიგი უგულავამ.
სანამ სააკაშვილი ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, არ უნდა დავიშალოთ: მელია
მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადარჩეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს.
„ამ ქვეყნის მომავლისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა უფსკრულში არ ჩავარდეს. ამისთვის მთავარია, რომ გადარჩეს სააკაშვილის და ხოშტარიას სიცოცხლე. მათ სიცოცხლეს დღეს საფრთხე ემუქრება.
მე ვერ დავიწყებ სპეკულაციას სამედიცინო კუთხით რამდენად მომზადებულია გორის სამხედრო ჰოსპიტალი. ჩვენ ვიცით ერთი – სააკაშვილი თავის სიტყვას შეასრულებს, თუ ის იქნება გადაყვანილი გლდანის ციხიდან, შიმშილობას შეწყვეტს და თუ არ გადაიყვანენ, ის შიმშილობას არ შეწყვეტს. ასევე, ხოშტარიას პოზიციაც ვიცით, რომ თუ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი გლდანის ციხიდან, არ შეწყვეტს შიმშილობას,“- განაცხადა გიგი უგულავამ.
მანვე დასძინა, რომ თუ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, იმ კლინიკასთან, სადაც იქნება, აქციები არ გაიმართება.
„რაც შეეხება პროტესტის ნაწილს, როგორც კი სააკაშვილი დატოვებს და გადავა სამკურნალო დაწესებულებაში, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ არანაირი აქციები იმ დაწესებულებასთან არ იქნება.
პირიქით, ყველას მოვუწოდებთ და გავაფრთხილებთ და პოლიციასაც მივეხმარებით, რომ მსგავსი რამე არ იყოს, იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. რა თქმა უნდა, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, რიგგარეშე არჩევნებისთვის და ოლიგარქის წინააღმდეგ“, – თქვა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ.