„ენას ძვალი არ აქვსო“ და ზურაბ ჩხაიძე რასაც უნდა იმას ლაპარაკობს“, – ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე კლინიკა „ვივა მედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა PCR ტესტი უნდა ჩაიტარონ.
როგორც შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, ის PCR ტესტს კლინიკა „ვივა მედში“ არ ჩაიტარებს და მისი ნდობა კლინიკის მიმართ ნულის ტოლფასია.
„მე მინდა წარვადგენ PCR ტესტს, მინდა – არა. ასევე, ზურაბ ჩხაიძეს სისხლის ანალიზს კი არა, შარდს არ ჩავაბარებ. მან ისიც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან 24-საათის განმავლობაში იმყოფება ექიმი ან ექთანიო, მაგრამ ასე არ არის. როდესაც მიხეილ სააკაშვილი დაუძახებს, ან რამე მედიკამენტი სჭირდება, ექიმი ან ექთანი მხოლოდ მაშინ შედის.
„ენას ძვალი არ აქვსო“ და ზურაბ ჩხაიძე რასაც უნდა იმას ლაპარაკობს. მათი ერთი სიტყვისაც არ მჯერა. დასხდნენ და თავიდან წერენ ავადმყოფობის ისტორიებს, რომლებიც სასამართლო პროცესზე გაჟღერდება. „ვივა მედის“ მიმართ ჩემი ნდობის ფაქტორი ნულის ტოლფასია“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
შეგახსენებთ, კლინიკა „ვივა მედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ დღეს ჟურნალისტების კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს პერსონალური ექთანი ჰყავს მიმაგრებული, რომელიც 24 საათის განმავლობაში პალატაშია და „არცერთ შემთხვევაში, ექიმს ან ექთანს მიერ გონების კარგვა არ დაუფიქსირებია“.
რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის კოვიდინფექცია მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და ამ ეტაპზე გართულების ნიშნები არ არსებობს.
ამავე თემაზე: