ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში, Aflatoun International-ის ორგანიზებით, ბავშვთა ფინანსური განათლების გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია „გლობალური სოციალური და ფინანსური უნარები“ ჩატარდა.
ღონისძიებაზე, რომელსაც წელს 80 ქვეყნის 300-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა, ცენტრალური ბანკების, საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის ფინანსური განათლების საკითხების სწავლების შესახებ საკუთარი გამოცდილება გააზიარეს.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ფინანსური განათლებისადმი მიძღვნილი პოსტერების კონკურსიც თემაზე „ბავშვთა სოციალური და ფინანსური გაძლიერება“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმის „ფინედუს“ პოსტერმა გაიმარჯვა.
ცენტრალური ბანკების პანელურ დისკუსიაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან ახალკაცმა ეროვნული ბანკის გამოცდილების, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
„ფინანსური განათლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ მისი ინიციატივითა და ძალისხმევით, განათლების სამინისტროს აქტიური ჩართულობით, საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ფინანსური განათლება ეროვნულ სასწავლო გეგმაში ჩართო. 2018 წლიდან ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები სავალდებულოდ ისწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ ინტენსიურად გრძელდება. წარმატების მისაღწევად, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა განათლების პროექტებში მაქსიმალურად ჩაერთოს ყველა მხარე, მათ შორის, კერძო სექტორი და არაფორმალური განათლების მიმწოდებელი ორგანიზაციები. მოხარულები ვართ ჯილდოს მიღებით, მადლობა ფორუმის მონაწილეებს ნდობისთვის. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ფინანსური განათლების მიმართულებით ახალ პროექტებზე მუშაობას”, – აღნიშნა ქეთევან ახალკაცმა საკუთარ გამოსვლაში.