მომღერალი ბექა ბროლაძე პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს შემოსავალთან და ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ტანსაცმელში თანხის გადახდა არასდროს ენანება:
ყველაზე მოკლე დროში რა თანხა დაგიხარჯავს, ისეთი, საკუთარი თავიც რომ გაგიოცებია…
სხვებისთვის მართლა ბევრის გაკეთება შემიძლია. ოჯახის წევრები და მეგობრები სულ მეუბნებიან ხოლმე, ყოველთვის ჩვენკენ როგორ ხარო, მაგრამ ზოგჯერ არის მომენტი, როცა გინდა, საკუთარი თავი გაანებივრო. ზოგადად, არ მიყვარს ოქროული და არც არასდროს მიყიდია, მაგრამ ყოველთვის ძალიან მინდოდა, მაგარი ოქროს სამაჯური მქონოდა. ძალიან მიყვარს „კარტიე“ და ორი თვის წინ, ერთ-ერთ ქვეყანაში, შევედი „კარტიეს“ მაღაზიაში და ერთ–ერთ სამაჯურზე ვთქვი, ეს მინდა-მეთქი. ფასს რომ დავხედე, ცოტა შევშინდი, მაგრამ ავდექი და საკუთარ თავს ასეთი მაგარი საჩუქარი გავუკეთე. რეალურად, ძალიან დიდ თანხაზე არის საუბარი. რიგით საყიდლებში – ფეხსაცმელში ათასი დოლარი, პერანგში ხუთასი, უფლის წყალობით, ჩემს ცხოვრებაში ჩვეულებრივი ამბავია. ისეთი მსხვილი და უეცარი დანახარჯი, რომ ამოიღებ და ჯიბეც ამოცარიელდება, იმ ძალიან მაგარი სამაჯურის შეძენისას მქონდა (იცინის). ძალიან ბედნიერი წამოვედი ჯიბეგამოფხეკილი, ათი დოლარიღა დამრჩა (იცინის). იმ მომენტში ერთგვარი აფეთქება მქონდა და ის დავიკმაყოფილე, ადრენალინიც იყო და დიდი სიამოვნებაც. ამიტომ ზოგჯერ ღირს, ასეთი ძვირფასი საჩუქარი გაუკეთო საკუთარ თავს.
საერთოდ, ძალიან ხელგაშლილი ადამიანი ვარ, თეთრებს არასდროს ვითვლი, თუმცა ცხოვრებაში ის მომენტიც მქონია, რომ თეთრიც დამითვლია და ოცი თეთრიც არ მქონია. ასი ლარიც რომ მქონდეს და ადამიანს ზუსტად ეს თანხა სჭირდებოდეს, შემიძლია, სრულად მივცე. მეც გამომივლია ბევრი გაჭირვება და ვიცი, როგორ უნდა დავუდგე ადამიანს გვერდით.