მსახიობი, მომღერალი, პოეტი, ამ ყველაფრის მიღმა კი პოზიტიური, გულწრფელი, ბავშვური, ღმერთისადმი დიდი რწმენით გამორჩეული – ასეთია გიორგი გილიგაშვილი, „ჩემმა მზემ“ – როგორადაც იცნობს მთელი საქართველო.
33 წლისას, როგორც თავად ამბობს ქრისტეს ასაკში, გიორგის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა, მაგრამ ავადმყოფობას მედგრად შეხვდა. მისი ყველაზე ძლიერი საყრდენი კი ყოველთვის დედაა, ქალბატონი ნანა ჭელიძე. გიორგიმ „სარკესთან“ დედაზე ისაუბრა.
– გიორგი, გულშემატკივრების სიმცირეს არ უჩივით, მაგრამ ყველაზე მოყვარული და უპირობო მხარდამჭერი ალბათ დედაა თქვენთვის.
– დედა-შვილის კავშირი მარადიულია, უწყვეტი. დედა უფლის საჩუქარია. ღმერთმა შექმნა ეს გასაოცარი, უკიდეგანო სამყარო, მერე ყოვლის შემოქმედმა თავი მოიდრიკა დედის წიაღში, დედის კალთაში, ამიტომ დედაზე ძვირფასი, დედაზე სანუკვარი, დედაზე თბილი არავინ და არაფერია. ამაზე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო.
ჩემი დედიკო არის ჩემი უპირველესი მფარველი. როგორი ჯიუტი და ცუდი შვილიც უნდა ვიყო (არადა არ ვარ), ის არის ჩემ გვერდით, ის იბრძვის ჩემთვის გაჩენის დღიდან, აგერ უკვე 34 წელი. ის მომყვებოდა თურქეთში. ჩემმა დაიკოებმა უთხრეს, ჩვენ წავყვებით, დედიკო, შენ იქ სხვანაირად ინერვიულებო და არა, ჩემს გიორგის მე უნდა გავყვეო. დედიკო მიწყობს ხელს, რომ ჩემში ბავშვი შევინარჩუნო, არასდროს დამავიწყდეს, როგორ ვუყვარვარ და ეს სიყვარული ასმაგად დავუბრუნო.
ვამაყობ ჩემი დედიკოთი, დაიკოებით, ჩემი ოჯახით. მივხვდი, რომ ადამიანები გარე-გარე არ უნდა ვეძებდეთ მოკეთეებს, საამაყო, მისაბაძ ადამიანებს. შენი ოჯახი უნდა შემოსაზღვრო ისეთი სიყვარულით, რაც გადაულახავი იქნება არაკეთილმოსურნეთათვის.
რაც უნდა საყვარელნი იყვნენ გარშემომყოფნი, საკუთარ ოჯახის წევრებზე მეტად ვერ შეიყვარებ და, თუ მაინც იტყვი, რომ ისინიც ისე გიყვარს, მაშინ არ ხარ გულწრფელი. როგორც საღვთო იერარქია, ასეთივე უნდა იყოს შენი ოჯახის იერარქია, დედ-მამა, და-ძმები. როცა შეიგრძნობ და გააცნობიერებ საკუთარი ოჯახის სიყვარულს, მიზიდულობას, პატივისცემას, შემდეგ შეგიძლია პატივი სცე და სიყვარული გამოხატო სხვა ოჯახების, შენი მეგობრების დედ-მამის, დედმამიშვილების მიმართ და ასე იზრდება წრე, რომელიც გაკრავს.
ყველაფერი ერთი განგრძობადი ჯაჭვია, რომელსაც ფეხაკრეფით უნდა მიჰყვე. შენი ოჯახი და შენი წინაპრები არიან საწინდარი იმისა, როგორი მოქალაქე დადგები და როგორ გეყვარება შენი ქვეყანა.