კომპანია Porsche-მა ოფიციალურად გამოაცხადა მთავარი დიზაინერის შეცვლის შესახებ. ამ პოზიციაზე 20 წელზე მეტხანს მუშაობის შემდეგ, მიხაელ მაუერი 1-ლი თებერვლიდან თანამდებობას დატოვებს, ხოლო მის ადგილს დაიკავებს ტობიას ზიულმანი, რომელიც Porsche-ში McLaren-იდან გადადის, სადაც ანალოგიურ პოზიციას იკავებდა. ეს Porsche-ს ისტორიაში, მთავარი დიზაინერის მეხუთე შეცვლაა.
მიხაელ მაუერი

მიხაელ მაუერი Porsche-ს მთავარი დიზაინერი 2004 წელს გახდა. მისი პორტფოლიო მოიცავს ისეთ ცნობილ მოდელებს, როგორებიცაა 918 Spyder და Panamera. ასევე სწორედ ის ხელმძღვანელობდა Porsche-ის დიზაინის ადაპტაციას ელექტრომობილების ხაზისთვის. კომპანიის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რას გააკეთებს მაუერი თანამდებობის დატოვების შემდეგ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მას უკვე 63 წელი შეუსრულდა, არ არის გამორიცხული, პენსიაზე გასვლაც.
ტობიას ზიულმანი

ტობიას ზიულმანი ავტოინდუსტრიაში 2005 წლიდან მუშაობს. კარიერა Volkswagen-ში დაიწყო, მოგვიანებით კი Bugatti-ში გადავიდა. იგი მონაწილეობდა, მათ შორის, Bentley Batur-ის დიზაინის შექმნაში. ასევე ხელმძღვანელობდა ახალი Aston Martin-ების ექსტერიერის განვითარებას. McLaren-ის მთავარი დიზაინერის პოსტი ზიულმანმა 2023 წლის სექტემბერში დაიკავა.
საინტერესოა, რომ ზიულმანი McLaren-ში მუშაობდა იმავე პერიოდში, როდესაც კომპანიის ავტომობილების განყოფილებას ხელმძღვანელობდა Porsche-ს ამჟამინდელი ხელმძღვანელი მიხაელ ლაიტერსი (2022–2025). სწორედ McLaren-ის მფლობელების მორიგი ცვლილების ფონზე გადავიდა ლაიტერსი Porsche-ში.