ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი განგსტერის, ალ კაპონეს კოლექცია აუქციონზე გაიყიდა და მთლიანობაში 3 მილიონ დოლარად შეფასდა. ღონისძიება დახურული იყო და არტეფაქტების მოსაპოვებლად 1000-მდე ადამიანი იბრძოდა.
BBC-ის ინფორმაციით, წარმოდგენილი სულ 174 ნივთი იყო, მათ შორის პირადი ფოტოები, სამკაულები, ავეჯი და რა თქმა უნდა, ცეცხლსასროლი იარაღი. ყველაზე პოპულარული ლოტი, როგორც მოსალოდნელი იყო მაფიოზის საყვარელი პისტოლეტი გახდა და უცნობმა კოლექციონერმა მასში 860 ათასი დოლარი გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ ალ კაპონე 1920-30-იან წლებში მთელ ჩიკაგოს აკონტროლებდა. ალკოჰოლის უკანონო წარმოება თუ გაყიდვა, სათამაშო ბიზნესი და პროსტიტუცია მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ალ კაპონეს მრავალფეროვანი ბიოგრაფიიდან. დროთა განმავლობაში ის იტალიური მაფიის ყველაზე გავლენიან წარმომადგენლად გადაიქცა.
1931 წელს ალ კაპონე გადასახადების დამალვის ბრალდებით დააკავეს და 11 წელი მიუსაჯეს. 1939 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის ციხიდან გაათავისუფლეს, 1947 წელს კი გულის შეტევით გარდაიცვალა.
აუქციონზე გაყიდულ ნივთებს მისი ოჯახი წლების განმავლობაში ინახავდა. როგორც დიანა კაპონემ, ალ კაპონეს ცოცხალი სამი შვილიშვილიდან ერთ-ერთმა განაცხადა, ამ ნივთების გაყიდვა დებთან ერთად მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ასაკი მოემატა. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კალიფორნიაში ხანძრების საშიშროებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა.