LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალბომს ძალიან საინტერესო სახელი „ნისაბა“ ჰქვია, მასში 12 სიმღერაა შესული… ჩემს ბოლო ნაწარმოებებს რაღაცნაირად დაჰკრავს შუმერული კულტურის გავლენა“ – ნინო ბაშარული ალბომის პრეზენტაციით „არ დაიდარდოში“

142
ნინო-ბაშარული

რადიო „არ დაიდარდოს“ ნინო ბაშარული სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს რიგით მეორე მუსიკალური ალბომი „ნისაბა“ წარუდგინა.

ნინო, ვისაუბროთ შენს მუსიკალურ ალბომებზე, რა სხვაობაა ამ ორ ალბომს შორის?

პირველი ალბომი 2015 წელს შეიქმნა და ფაქტობრივად, ეს იყო ჩემი შემოქმედებითი გზის დასაწყისი. საკმაოდ ეგზისტენციალური გზები გამოვიარე. ყველაფერი დაიწყო სიმღერით „ის ვაჟი“, რომელიც შეიყვარა საზოგადოებამ. ამ სიყვარულმა განაპირობა ის, რომ მე კიდევ 7 საავტორო სიმღერა დამეწერა. ეს უდიდესი სტიმული იყო და ფაქტობრივად, ხალხის დამსახურებაა პირველი ალბომი, რადგან საოცარ წერილებს, კომენტარებს მიწერდნენ. 13 მილიონამდე ნახვა ჰქონდა სიმღერას „ის ვაჟი“ და ეს პატარა ბავშვივით მიხაროდა. 10 წელი გავიდა მას შემდეგ და ზუსტად 10 წლის თავზე, მეორე ალბომიც გამოვუშვი.

პირველი ალბომის განწყობა ცოტა ინფანტილური, ზღაპრული იყო.

20 ივნისიდან ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე იქნება ჩემი მეორე ალბომი. ალბომს ძალიან საინტერესო სახელი „ნისაბა“, შუმერი ქალღმერთის სახელი ჰქვია. ეს სახელი შევარჩიე, რადგან ჩემს შვილს ჰქვია საბა, მე ნინო და ამ სიტყვაში რაღაცნაირად გაერთიანდა ჩვენი სახელები. ჩემს ბოლო ნაწარმოებებს რაღაცნაირად დაჰკრავს შუმერული კულტურის გავლენა და სულ მინდოდა, რაღაც სიტყვა მესესხებინა შუმერული კულტურიდან. თვითონ სვანებს და შუმერებსაც უამრავი საერთო სიტყვა აქვთ. პატარ-პატარა კვლევები რომ დავიწყე, მუსიკის და კულტურის განხრით, ვგრძნობდი, რომ ძალიან დიდი ზეგავლენა ჰქონდათ. ასე ძიებ-ძიებაში აღმოვაჩინეთ სახელი „ნისაბა“. რომ არა ჩემი შვილი, საბა, მეორე ალბომი არ იქნებოდა, მისი დაჟინებული თხოვნით, მოვაბი თავი ამ ყველაფერს. ალბომში 12 სიმღერაა შესული, აქედან 4 ძველი ალბომიდან არის, ოღონდ ახლებურად.

როგორ ფიქრობ, ყველაზე მეტად რომელ სიმღერასთან ასოცირდები?

ხალხიდან გამომდინარე, ვიცი, რომ სიმღერასთან „ის ვაჟი“ ვასოცირდები. ეს იარლიყი სამუდამოდ მიმეწება და მე სულ ამ იარლიყს ვებრძვი, ვანგრევ და ვფიქრობ, რა შევქმნა ისეთი, რომ სიმღერას „ის ვაჟი“ გადაუსწროს და ხალხს გულში ჩაუვარდეს. ეს სიმღერა ჩაუვარდა ხალხს გულში, რადგან მათ ისე გაიაზრეს და მიიღეს, როგორც საკუთარი განცდა. ვინც მხვდებოდა, ყველა მეუბნებოდა, ეს სიმღერა ისე დაწერე, მგონია, ჩემზე მღერიო, ანუ მიზანს მივაღწიე. 

როგორც ვიცი, სხვადასხვა ფესტივალზე ძალიან ბევრი ჯილდო გაქვს მიღებული…

კი, მაგრამ რაღაც არ მიყვარს ხოლმე, ჯილდოებზე საუბარი, მთავარი ჯილდო მაინც ხალხის სიყვარულია და ეს არის რითაც მე ვსაზრდოობ. მგონია, ამ სიყვარულმა შექმნა ჩემი შემოქმედება.

ნინო ბაშარული – ნიავო

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ნინო ბაშარული – ქარი ქრის. Live

ნინო ბაშარული. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები