მალე თბილისი „საბავშვო ევროვიზიას“ უმასპინძლებს. საქართველოს კი ამ დიდ მუსიკალურ კონკურსზე ანიტა აბგარიანი წარადგენს. „ევროვიზიის” სამზადისზე თათა სადრაძის გადაცემაში „არტFM“ „საბავშვო ევროვიზიის” პროდიუსერმა ნათია უზნაძემ ისაუბრა.
ნათია, მოგვიყევი „საბავშვო ევროვიზიის“ სამზადისზე.
მოგიყვებით საინტერესო ამბებს, იმას, რაც აქამდე არ გსმენიათ. ზუსტად 10 წუთში ანიტა გავა სცენაზე და მეორე რეპეტიციას გაივლის. მისი შესრულებით ყველა აღფრთოვანებულია, თვითონ ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრები, უცხოელი სტუმრები, რომლებიც სპეციალურად ჩამოვიდნენ „საბავშვო ევროვიზიაზე“ სხვა კონკურენტი ქვეყნების წარმომადგენლები, კონკურსანტები. აქვე აღვნიშნავ, რომ ანიტასთან ერთად არის კიდევ 4 არაჩვეულებრივი ბავშვი, მოცეკვავე. იქნება არაჩვეულებრივი წარმოდგენა, რომლის დამდგმელი რეჟისორიც კახა ბუხრაშვილია, სცენოგრაფი – გიორგი ტორიაშვილი, კოსტიუმებზე იზა ნადარეიშვილმა იზრუნა. მთელი „პირველი არხი“ ჩართული არის ამ გრანდიოზულ კონკურსში, ასევე, მინდა აღვნიშნო „კულტურის სამინისტრო“, „სთარ რინგ ჯორჯია“.
რას გვეტყვი კონკურსში მონაწილე ქვეყნებზე?
ყველა ქვეყანამ უკვე გაიარა რეპეტიცია. ყველაფერი ძალიან კარგად არის. ყველა დელეგაცია და მათი წარმომადგენლები მოდიან და მადლობას გვიხდიან, კონკურსის ასე მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. რა თქმა უნდა, ყველა მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, რადგან ყველას თავისი პირობები აქვს, ყველას სხვადასხვა დეკორაცია უნდა სცენაზე. მოგეხსენებათ, „საბავშვო ევროვიზიაში“ 18 ქვეყანა მონაწილეობს. ბოლომდე ვერ გავთქვამ სიურპრიზებს, რაც 12 და 13 დეკემბერს გელოდებათ, ამიტომ აუცილებლად უნდა უყუროთ „პირველ არხს“ და უგულშემატკივროთ ანიტას, რადგან ანიტას უკან დგას მთელი საქართველო. 12 დეკემბერს, ღამის 12 საათზე იწყება ხმის მიცემა. თითოეული ხმა ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორ ხდება ხმის მიცემა?
ეს ძალიან მარტივია. უნდა ეწვიოთ „ევროვიზიის“ ოფიციალურ საიტს, მოისმინოთ თვრამეტივე კონკურსანტის 20 წამიანი ვიდეო და მისცეთ ხმა სამ ქვეყანას, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს და გააგზავნოთ. ამისთვის სულ 3 წუთის გამოყოფა დაგჭირდებათ.
ანიტას გარდა, რომელ ქვეყანას, მონაწილეს გამოარჩევდი?
ასე ვერ გამოვყოფ, რომ გული არ დაწყდეთ. ყველა ქვეყანა არის ძალიან კარგი, ინდივიდუალური, ყველას კარგი მომღერალი ჰყავს. შეიძლება, მიკერძოებული ვარ, მაგრამ ყველაზე კარგი მაინც ანიტაა.
„საბავშვო ევროვიზიაზე“ ყველა სიახლე იხილეთ აქ.
