სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სამართალდამცავებმა სუს-ის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი წერს სოციალურ ქსელში და ამავე პოსტში აღნიშნავს, რომ სოსო გოგაშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული.
“მამა დააკავეს და გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. მამას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული დაკავების პროცესში ყბის, ხელების, ზურგისა და ფეხების არეში, რაც განხორციელდა უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის, ღამბაშიძისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჩემი ოჯახის წევრების თანდასწრებით. ასევე დაკავების პროცესში დედა გახდა შეუძლოდ და 4 საათის განმავლობაში სასწრაფოს გამოძახების უფლება არ მისცეს.
სახლში დანაშაულებრივი და უკანონო გზით ჩაგვიდეს ორი იარაღი, მატერიალური დოკუმენტაცია და ინფორმაციის მატარებელი ნივთები!
არ შეგრჩებათ მკვლელებო!!!”, – წერს ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში.
სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში წუხელ, გვიან ღამით, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. შესაბამისი ვიდეომასალა გოგაშვილის ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა აჭარაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი იმყოფებოდა. დღეს კი ჩხრეკა ჩატარდა სოსო გოგაშვილის კიდევ ერთი შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის სახლში.
ამავე თემაზე:
დიპლომატებს აქვთ ყველა ის მასალა, რის გასაჯაროებასაც მამაჩემი აპირებდა: ნიკოლოზ გოგაშვილი
ვიდეო: პოლიციამ გაჩხრიკა ბინები, რომელშიც სოსო გოგაშვილის შვილები ცხოვრობენ