ASAP Rocky პარტნიორი ქალის, რიანას მსგავსად ახალი დისკის გამოშვებას არ ჩქარობს. იმ ფონზე, როცა რეპერს 6 წლიანი პაუზის შემდეგ, 30 აგვისტოს, მეოთხე სტუდიური ალბომი – Don’t Be Dumb უნდა გამოეშვა, მან მსმენელი გაწბილებული დატოვა.
საქმე ისაა, რომ ჰიპ ჰოპ შემსრულებლმა მომავალი მუსიკალური პროექტის გამოსვლის თარიღი, 2025 წლის 28 მარტამდე გადადო.
,,6 წლის შემდეგ, მინდა საუკეთესო ალბომი გამოვუშვა. ვწუხვარ, რომ გალოდინებთ”, – განმარტა მან.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოსა და სექტემბერში, 36 წლის არტისტმა დაანონსებული ლონგფლეიდან სინგლები: Highjack, Tailor Swif და Ruby Rosary წარადგინა.
მართალია, სიმღერის – Tailor Swif სათაური, ტეილორ სვიფტის სახელს მოგვაგონებს, თუმცა მას ამ უკანასკნელთან არაფერი აკავშირებს. ტრეკი თანხმლებ კლიპთან ერთად, 2022 წელს, არაოფიციალურად გავრცელდა. მას შემდეგ ,,როკი”, ჩანაწერის ფირფიტაში ჩასმას ერიდებოდა.
მისი თქმით, თუ სიმღერა ინტერნეტში არაოფიციალურად ხვდება, მისი ალბომში ჩასმა აღარ სურს, რადგან პროექტის ნაწილად ვეღარ ხედავს. იქიდან გამომდინარე, რომ Tailor Swif-ის მიმართ, ინტერესი საგრძნობლად დიდი იყო, მან აზრი შეიცვალა.
რეპერმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი ტრეკების ინტერნეტში მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხვედრა, ალბომს აზიანებს.
ცნობისთვის, Tailor Swif-ის მუსიკალური რგოლი უკრაინაშია გადაღებული და მასში ფილმიდან – ,,მიმინო”, ერთ-ერთი კადრია გამოყენებული.