უზარმაზარი კოლექცია, რომელიც 566 მანქანას მოიცავს, კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ გარეუბანში იპოვეს. ავტომობილებთან ერთად ინახებოდა ასეულობით ნაწილიც, რომელიც ამერიკაში გერმანიიდან გადმოსახლებულ მიგრანტს, რუდი კლაინუს ეკუთვნოდა.
შტატებში 1950-იან წლებში გადმოსული რუდი თავიდან ყასაბი იყო, თუმცა მის ნამდვილ მოწოდებად კლასიკური ევროპული ავტომობილების შეგროვება იქცა. მან 1967 წელს ცნობილი Porsche Foreign Auto-ს ცენტრი ჩამოაყალიბა და ნელ-ნელა საკმაოდ დიდ კოლექციას მოუყარა თავი.
ამჟამად ეს ვინტაჟური ავტომობილები საკმაოდ ძვირი ღირს და მათ ოქტომბრის ბოლოს გაასხვისებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუდის „ჯართი“ მის შთამომავლებს მილიონებს მოუტანს.
ლოტებს შორისაა – სამი შერემონტებული Lamborghini Miuras, რომლებიც ისტორიაში პირველ სუპერქარებად ითვლება. მათი საერთო ღირებულება 2 მილიონი დოლარია.




