ავსტრიაში იწყებენ მასშტაბურ პროექტს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ველური კატის – კარპატების ფოცხვერის გადასარჩენად. გეგმაშია 20 ფოცხვერის გაშვება ეროვნულ პარკებში, რათა ადგილობრივი პოპულაცია გადარჩეს და გაიზარდოს.
კარპატების ფოცხვერი ევროპაში ყველაზე დიდი ველური კატაა. ის ძალიან ფრთხილი და იშვიათად ხილვადი ცხოველია, ამიტომ ტყეში მისი დანახვა ნამდვილ იღბლად ითვლება.
დღეს ალპების ტერიტორიაზე მხოლოდ შვიდი ფოცხვერი დარჩა. 2018 წლის შემდეგ გამრავლების არც ერთი შემთხვევის შესახებ არაა ცნობილი.
მთავარი პრობლემა გენეტიკური იზოლაციაა – რეგიონში მცხოვრები ფოცხვერები ერთმანეთის ახლო ნათესავები არიან და უკვე ასაკოვანებიც. ამის გამო შთამომავლობა თითქმის აღარ ჩნდება და იზრდება გადაშენების რისკი. ეკოლოგების თქმით, მიზანმიმართული მოქმედებების გარეშე პოპულაცია შესაძლოა რამდენიმე წელიწადში საერთოდ გაქრეს.

რიცხვი 20 შემთხვევითი არ არის. ეკოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ რეგიონისთვის მინიმუმ 20 არანათესავი ინდივიდია საჭირო, რათა ჩამოყალიბდეს სტაბილური და თვითგანახლებადი პოპულაცია.
ავსტრიის ეროვნული პარკები დაახლოებით 12 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიაა, რომლის 70%-ზე მეტი ტყითაა დაფარული. სპეციალისტების შეფასებით, აქ თეორიულად შეიძლება 100-250 ფოცხვერი ცხოვრობდეს.
ახალ ცხოველებს ევროპული გამრავლების პროგრამის ფარგლებში ჩამოიყვანენ, ხოლო პროცესის კოორდინაციაში მონაწილეობს პროექტი Linking Lynx, რომელიც ევროპის სხვადასხვა რეგიონში დაშორებული პოპულაციების ერთმანეთთან დაკავშირებას ცდილობს.