LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონაში მცხოვრები ქუჩის მუსიკოსი ალექსი კიკვიძე: „ქართველისთვის მიუღებელი იყო ასეთი სტილი. ქუჩაში ცალ-ცალი ფეხსაცმლით რომ მივდიოდი, „ბირჟაზე“ მსხდომი ბიჭები მომაყოლებდნენ ხოლმე ფრაზას: ნახე, ბიჭო, ეს უბერავსო და მსგავსებს…“

221
ალექსი და სტელა

ალექსი კიკვიძისა და სტელა კოჩის წყვილს, სოციალური ქსელებიდან მათი პოზიტიური ვიდეოების დამსახურებით, ალბათ, ძალიან ბევრი იცნობთ. ალექსმა მუსიკალური კარიერა საქართველოში დაიწყო და ბარსელონაში გააგრძელა. მუსიკამ შეახვედრა სტელასთანაც და ორივემ ერთად კიდევ უფრო ბევრი გულშემატკივარი გაიჩინეს. ახლახან წყვილი „ნიჭიერშიც“ გამოდიოდა. ჟურნალი „თბილისელები“ ალექსთან ინტერვიუს გვთავაზობს.

ალექსი კიკვიძე: საქართველოში საკმაოდ ბევრი მსმენელი მყავდა, ქუჩის მუსიკოსი გახლდით, რაც ძალიან საინტერესო იყო. 2013 წელს რეალით შოუში „მაგთიფანი“ მივიღე მონაწილეობა, 2015-ში – „ახალ ხმაში“, 2018 წელს კი „X ფაქტორში“ გამოვედი, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მომიტანა.

2017 წელს, „X ფაქტორამდე“, საქართველოდან ბარსელონაში წამოვედი. აქ ჩემი მეგობარი მუსიკოსები ცხოვრობდნენ და მეც მიმიპატიჟეს: მოდი, ევროპაში რაღაც ქართული შევქმნათ მუსიკალური თვალსაზრისითო. აქაც ქუჩაში დაკვრა დავიწყე. სამი წელი ჩამოვდიოდი ხოლმე საქართველოში. საბოლოოდ, აქაურობას ძალიან კარგად მოვერგე და დარჩენა გადავწყვიტე. მთელი ბარსელონა მიცნობს, როგორც ქართველ, კარგ მუსიკოსს და კარგ ადამიანს. მე, როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტი, ვცდილობ, საქართველო ძალიან კარგად წარმოვაჩინო.

– საკმაოდ ექსტრავაგანტული სტილი გაქვს და მგონია, რომ ესეც თავის როლს ასრულებს, კარგი გაგებით.

– სიმართლე გითხრა, ბევრი წელია, ცალ-ცალი ფეხსაცმლით, გრძელი წვერითა და სკეიტით დავდივარ. ამას საქართველოში დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ქართველისთვის მიუღებელი იყო ასეთი სტილი. ქუჩაში ცალ-ცალი ფეხსაცმლით რომ მივდიოდი, „ბირჟაზე“ მსხდომი ბიჭები მომაყოლებდნენ ხოლმე ფრაზას: ნახე, ბიჭო, ეს უბერავსო და მსგავსებს. ამის გამო პრობლემები შემქმნია, ჩხუბიც მომსვლია. უთქვამთ, შენ გეი ხომ არ ხარო. მოკლედ, მქონდა შეტაკებები და ცოტა „ბლატნოი“ ლაპარაკებიც (იცინის).

აქ განსხვავებული მიდგომაა. ეს ხალხი პოზიტიურად აღიქვამს ჩემს სტილს, აინტერესებთ, მოსწონთ. ეს მათთვის ხელოვნებაა და ჩემთან ერთად ფოტოებს იღებენ. ჩემი სტილითაც ძალიან პოპულარული ვარ (იცინის). აქაც არიან ისეთები, ვისაც უკვირს, მაგრამ არ მოვა და არ გეტყვის, ეს რატომ გაცვიაო.

magti 5g